ISFED-ის ანგარიში ხელისუფლების მიმართ კრიტიკულია და კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, რომ მმართველი გუნდი ოპონენტების დამუნათებასა და მორალურ ტერორს ცდილობს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგი უგულავამ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეხუთე შუალედურ ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება არცერთ მოვლენას ხელიდან არ უშვებს, მათ შორის ისეთ ტრაგიკულ მოვლენას, როგორიც გუშინ მძევლების აყვანა იყო და იქაც კი დაიწყო მძევლების პოლიტიკური ნიშნით დაყოფა.
„ანგარიში კრიტიკულია პირველ რიგში ხელისუფლების მიმართ, გუშინდელი შემთხვევაც ნათლად მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლება ხელიდან არ უშვებს არცერთ მოვლენას, მათ შორის ისეთ ტრაგიკულ მოვლენას, როგორიც გუშინ მძევლების აყვანა იყო და იქაც კი მძევლების პოლიტიკური ნიშნით დაყოფა დაიწყო და შემდეგ ოპოზიციურად განწყობილი მძევლის დემონიზაცია, რაც პრაქტიკულად კატასტროფის ნიშანია. ესაა მორალური ტერორი ადამიანზე, რომლის სიცოცხლე ისედაც ბეწვზე კიდია. ამას ჩვენ ვხედავთ მთლიანი კამპანიის განმავლობაში, ტროლებს, ბოტებს და მორალური ტერორის სხვადასხვა ინსტრუმენტებს, ძირითადად კონცენტრირებულია ხელისუფლების ხელში და როგორ ორკესტრირებულად, მნიშვნელობა არ აქვს რაც არ უნდა ხდებოდეს ქვეყანაში, თავისი ხაზი აქვს და ეს არის ერთადერთი ხაზი, წინასაარჩევნოდ, დამუნათება და მორალური ტერორი ოპოზიციის მიმართ. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ რამდენად ვერაგია მთავრობაში მოკალათებული „ქართული ოცნება“, რომ მათთვის არ არსებობს არანაირი წითელი ხაზი, მათ შორის სახელმწიფოებრიობისთვის აუცილებელი წითელი ხაზები.“ – განაცხადა უგულავამ.