ვაკის რაიონში, ბედიას N4-ში, დასასვენებელი სივრცე ეწყობა

350

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნუცუბიძის პირველ მიკრორაიონში, ბედიას N4-ში, დასასვენებელი სივრცე ეწყობა.

ვაკის გამგეობის ინფორმაციით,  კეთილმოწყობილ სკვერში მოეწყობა დასასვენებელი პავილიონი, უკვე დამონტაჟდა განათების ბოძები, ასევე, დაირგო მცენარეები და მხატვრების მიერ მოიხატა კედლები.

„ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი კეთილმოწყობილი და გამწვანებული სივრცე შევქმნათ, ამიტომ აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით. ვცდილობთ სკვერები, რომლებითაც ისარგებლებენ ბავშვები და უფროსები, იყოს კომფორტული, ლამაზი და ხარისხიანი. ასევე, მოვუწოდებთ მოსახლეობასაც, რომ გაუფრთხილდნენ გარემოს და ინფრასტრუქტურას“, – განაცხადა ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით კვინიკაძემ.

გამგეობის ცნობით, ბედიას N4-ში დასასვენებელი სივრცის პროექტის ღირებულება 150 000 ლარს შეადგენს.