“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, ალეკო ელისაშვილის ინიციატივას, რომ არჩევნები 30 და 31 ოქტომბერს ჩატარდეს, გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს ხელისუფლებას მეტი მანიპულაციისა და გაყალბების საშუალებას მისცემს.
ელისაშვილის ინიციატივის საპირწონედ კაპანაძემ “ევროპული საქართველოს” იდეა წარმოადგინა — გაიზარდოს საარჩევნო უბნების რაოდენობა.
“საკმაოდ ადრე ვხედავდით, რომ ასეთი რეალობა დადგებოდა. როდესაც პარლამენტში მიდიოდა განხილვები, ჩვენ შევთავაზეთ მმართველ ძალას, რომ გაეზარდა უბნების რაოდენობა. შესაბამისად, ამომრჩევლისა და რიგების მენეჯმენტი და ჯანდაცვასთან დაკავშირებული რისკებიც შემცირებული იქნებოდა”, — განაცხადა სერგი კაპანაძემ.
კაპანაძის თქმით, მმართველი პარტიისგან შეთავაზებაზე უარის მიიღეს, რადგან ვერ ხედავდნენ, რა შეიძლებოდა მომხდარიყო ერთი თვის შემდეგ. კაპანაძის განცხადებით, ხელისუფლებას ორდღიანი არჩევნების დროს შუაში აქვს ლუფტი, რომელიც მანიპულაციის საშუალებას აძლევს.
კაპანაძის პასუხად კი ელისაშვილმა განაცხადა, რომ რასაც გააყალბებენ ერთ დღეში, იგივეს გააყალბებენ ორ დღეში და მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტია.