„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის განცხადებით, „ევროპული საქართველო“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გადადების კატეგორიული წინააღმდეგია და პარტიის მყარი პოზიციაა, რომ არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდეს.
„ევროპული საქართველოს“ ძალიან მყარი პოზიციაა, რომ ეს არჩევნები უნდა ჩატარდეს ახლა, ხელისუფლება უნდა დამარცხდეს და რომ ჩვენ, საზოგადოებას არ გვაქვს იმის მოთმინების უნარი კიდევ რამდენიმე წელი ველოდოთ ამ მთავრობას. მითუმეტეს, გადადებული არჩევნების პირობებში გაურკვეველი ვადით კიდევ ველოდოთ, რომ რამეს გააკეთებენ. სრულიად ნათელია საზოგადოების დამოკიდებულება, ყველას სურს გარდამტეხი ცვლილებები. რა თქმა უნდა, კოვიდი არის პრობლემა, მაგრამ ეს მთავრობა კოვიდზე უფრო დიდი პრობლემაა თუ ნაკლები, ჯერ კიდევ საკითხავია. ამიტომ, ამ არჩევნებზე, ყველანი უნდა მივიდეთ დაწესებული მოთხოვნების მაქსიმალური დაცვით.
ეს მთავრობა და ივანიშვილი გავუშვათ ოპოზიციაში და მერე მივხედოთ იმ დიდ პრობლემებს, რომლებიც არის ქვეყანაში, დაწყებული „კოვიდით“, გაგრძელებული იმ ეკონომიკური უძრაობითა და ვარდნით და დამთავრებული იმ ჭაობით, რომელშიც აღმოვჩნდით. ამიტომ, ჩვენ გადადების კატეგორიული წინააღმდეგი ვართ. ეს ამბავი უნდა მორჩეს 2 კვირაში. ეს 2 კვირა ყველამ, როგორღაც უნდა გავიჭირვოთ, რომ მერე ვიაროთ წინ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ქვეყანას ექნება ძალიან ცუდი მომავალი“, – განაცხადა კაპანაძემ.