ფოფხაძე: ხელისუფლებას თუ მიაჩნიათ, რომ შეკრებები ხელს შეუწყობს პანდემიის გავრცელებას, უნდა ვისაუბროთ არა უბრალოდ შეკრებების შეზღუდვაზე, არამედ არჩევნების გადადებაზე

385

კონსტიტუციური უფლება გვაქვს, რომ შევიკრიბოთ, ხელისუფლებასა და ინფექციონისტებს თუ მიაჩნიათ, რომ ასეთი შეკრებები ხელს შეუწყობს პანდემიის გავრცელებას, მაშინ ჩვენ უნდა ვისაუბროთ არა უბრალოდ შეკრებების შეზღუდვაზე, არამედ არჩევნების გადადებაზე, – ამის შესახებ პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის“ წარმომადგენელი გედევან ფოფხაძე აცხადებს.

„ფართომასშტაბიანი შეხვედრები თუ შეიცავს საფრთხეს, მაშინ საარჩევნო პროცესი მთლიანად შეიცავს ჯანმრთელობისთვის საფრთხეს. ჩვენ ამაზე თუ შევთანხმდებით და ვიტყვით, რომ ამ პროცესმა შეიძლება, ადამიანების ჯანმრთელობა დააზარალოს, მაშინ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ჯანმრთელობა და საზოგადოების სიცოცხლე უნდა დავაყენოთ უფრო წინ, ვიდრე საარჩევნო პროცესის ჩატარება, კონსტიტუციური ვადებით გადავწიოთ და ჩავატაროთ არჩევნები გარკვეული დროის შემდეგ. თუ არ მოხდა შეკრებები, ინტერაქტიული ურთიერთობა საზოგადოებასა და კანდიდატებს შორის, თუ ხალხმა ვერ გაიგო, ვის აძლევს ხმას და როგორ ხდება საერთოდ საარჩევნო პროცესი, მაშინ ვისაც აქვს ძალიან დიდი ფული და ადმინისტრაციული რესურსი, ის უბრალოდ დანიშნავს თავის კანდიდატებს და შექმნის ხელისუფლებას რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ ექნება“, – აღნიშნა ფოფხაძემ.

გედევან ფოფხაძის თქმით, მისაღებია ისეთი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომელსაც თანმიმდევრობა და ლოგიკა ექნება.

„ექვსი თვის წინ თუ ადამინების ჯანმრთელობა ღირებული იყო, მაშინ ექვსი თავზე რატომ გახდა უფრო ღირებული არჩევნების ჩატარება და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში რაღაც მექანიზმით შენარჩუნება უფრო ღირებული. უნდა მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.