“ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ ახალუბანში სიტუაციის პროვოცირება არა მათ, არამედ ევროპულმა საქართველომ მოახდინა. ორივე პარტია ამტკიცებს, რომ დაპირისპირების მიზეზი მათი პლაკატების ჩამოხევა და ოპონენტების ფოტოების გაკვრა გახდა.
მმართველი პარტიის რეგიონული ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივნის, მიხეილ გოგინაშვილის განცხადებით, ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ კანდიდატის პლაკატებს ხევდნენ, ადგილობრივებმა კი მათ შენიშვნა მისცეს.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სამართალდამცველებს მომხდარი ფაქტის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებენ.
„გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანის ცენტრში მოხდა ინციდენტი, რომელიც „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების მიერ იყო პროვოცირებული. ამ მოძალადე პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებმა „ქართული ოცნების“ პლაკატების ჩამოხევა და თავიანთი პლაკატების გაკვრა სცადეს, რაც ადგილობრივმა მოსახლეობამ გააპროტესტა. ამის შემდეგ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წარმომადგენელი მათ ცეცხლსასროლი იარაღით დაემუქრა ადგილობრივ მცხოვრებლებს“, – აცხადებს მიხეილ გოგინაშვილი.
თავის მხრივ, “ევროპულ საქართველოში” ამბობენ, რომ მათ 6 ადამიანი დახვდათ, რომლებმაც გამოიწვიეს პროვოკაცია და ჩხუბი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.