„ევროპული საქართველოს” ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, წინასაარჩევნი გარემო პრობლემურია, რადგან ხელისუფლების მხრიდან ძალადობისა და დაშინების ფაქტები ფიქსირდება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, უამრავი მოქალაქე ამის შესახებ არ საუბრობს, რადგან ეშინია, რომ პრობლემები შეექმნება ან სამსახურს დაკარგავს.
„კერძო შეხვედრების დროს პირადად შემხვედრია ათასობით ადამიანი, რომელიც მეუბნება, რომ აშინებენ სოციალური დახმარების მოხსნით, ოჯახის წევრების სამსახურიდან გაშვებით, ასევე იმით, რომ ვიღაცას ოპერაცია სჭირდება და თანხას არ მისცემენ, ვიღაცას პირობითი აქვს მისჯილი და დაუმძიმებენ. ძალიან ბევრი ასეთი შემთხვევაა, ოღონდ ასეთ დროს 1000 ადამიანიდან ერთი აცხადებს, რადგან ამის გაცხადებას სჭირდება გმირობა. მაშინ შინაგანად მზად უნდა იყო იმისთვის, რომ მართლა დაკარგავ სამსახურს, სოციალურს, მართლა შეგექმნება პრობლემა, ოღონდ გამოხვალ და ამას საჯაროდ იტყვი. ამისთვის ბევრი მზად არ არის. ეს ბუნებრივია და მესმის. ეს არის ის გაჭირვება, რომლითაც „ქართული ოცნება“ სარგებლობს, ამიტომ ის, რაც ზედაპირზეა დაშინების, მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის, ძალადობის შემთხვევები, ეს არის მხოლოდ აისბერგის წვერი. აისბერგის ყველაზე საშიში და დიდი ნაწილი არის წყლის ქვეშ. ეს არის ათიათასობით ჩვენი მოქალაქე, რომელსაც პირდაპირ აიძულებენ ხმის მიცემას იმით, რომ აშინებენ“,-განაცხადა ბაქრაძემ.
მისი თქმით, არსებული დაძაბული საარჩევნო გარემო სხვადასხვა კვლევის შედეგებითაც დასტურდება.