ურბანული ტყის აღდგენის პროექტის ფარგლებში, სპეციალისტებმა არა მარტო მთაწმინდის ფერდობი და მისი შემოგარენი, არამედ მთლიანად თბილისის მუნიციპალურ საზღვრებში არსებულ მცენარეთა მდგომარეობა შეისწავლეს, – ამის შესახებ პროექტის ფიტოსანიტარიული კვლევების ჯგუფის წარმომადგენელმა, ირინა დანელიამ პროექტის კვლევითი ნაწილის პრეზენტაციაზე ისაუბრა.
როგორც ირინა დანელიამ განაცხადა, ჩატარდა, როგორც ფიტოპათოლოგიური, ისე სატყეო პათოლოგიური კვლევები, რომლებმაც გამოავლინა წიწვონების ეპიფიტოტია და 20-ზე მეტი პათოგენური სოკოს გვარი.
„ლაბორატორიული სამუშაოები უკვე დასკვნით ფაზაშია, თუმცა წინასწარი შედეგებით დადგენილია მავნებლების ჯგუფი, რომელიც ძირითადად ფიჭვის კორომებშია გავრცელებული. სხვა წიწვოვნებში და ფოთლოვან სახეობებში განსაკუთრებით საშიში მავნებლები გამოვლენილი არ არის. ასევე, არ არის გამოვლენილი ღეროს პათოგენი ნემატო. სამაგიეროდ, მიკრობიოლოგიური ნაწილის კვლევებით კარგად გამოჩნდა, თუ რა მძიმე სურათია რეალურად. გამოვლენილია 20-ზე მეტი პათოგენური სოკოს გვარი, მათ შორის, მინიმუმ ოთხი საფრთხეს წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის, რადგან ისინი გარკვეულ მიკოტოქსინებს გამოიმუშავებენ და ძლიერი ალერგენები არიან“, – განაცხადა ფიტოსანიტარიული კვლევების ჯგუფის წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, ნიმუშები კანადაში, გელფის უნივერსიტეტშია გადაგზავნილი. კვლევის დასრულების შემდეგ დასკვნასა და რეკომენდაციებს სპეციალისტები განიხილავენ.
ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.