გახარია: არჩევნების გადადების არანაირი საფუძველი არ არსებობს, ამაზე ფიქრიც კი არ არის

289

დღეის მდგომარეობით არანაირი საფუძველი არ არსებობს არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით, ამაზე ფიქრიც კი არ არის. ეს ოფიციალური პოზიციაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში ნებისმიერი საკითხი პოლიტიკური სპეკულაციისთვის არის გამოყენებული. ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, პანდემია გლობალური გამოწვევაა, რამაც  მთელი საქართველო უნდა გააერთიანოს.

„არანაირი ფორმატის წინააღმდეგი არ ვართ, სამწუხაროდ, საკმაოდ ტოქსიურ წინასაარჩევნო პირობებში, ნებისმიერი თემა გამოყენებულია პოლიტიკური სპეკულირებისთვის. ჩვენ ამისთვის არ გვცალია. თორემ, არც ოპოზიციასთან საუბარი მოგვრიდებია არასდროს, განსაკუთრებით ქვეყნისთვის გამაერთიანებელ საკითხებზე. ნორმალურ ქვეყანაში და ნორმალურ მდგომარეობაში მსგავსი გლობალური გამოწვევა უნდა გამხდარიყო გამაერთიანებელი ოპოზიციის, თუ მთლიანად საქართველოსი. ასეც მოხდა გარკვეული გამონაკლისების გარდა, როცა ზოგიერთ პირს ხან ტესტირების რაოდენობა არ მოსწონდა, ხან სხვა რაღაც, ხან დაკეტვის წინააღმდეგი იყო, ხან ვაქცინის. ეს ყველაფერი არ შეიძლება სპეკულირების საგანი იყოს. ნებისმიერი შინაარსობრივი დიალოგისთვის ჩვენ ყოველთვის მზად ვართ.

რაც შეეხება არჩვენებს, დღეის მდგომარეობით, არანაირი საფუძველი არ არსებობს არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით, ამაზე ფიქრიც კი არ არის. ეს ოფიციალური პოზიციაა. ჩვენ ამ პროცესს ვმართავთ, მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება“, – განცახდა გიორგი გახარიამ.