თბილისის მერიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

461

თბილისის მერიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნული პირი კულტურისა და სპორტის განყოფილებაში მუშაობს. მისი 10-მდე თანამშრომელი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი და PCR ტესტირება ჩაუტარდათ.

პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა „ოქროს ბირჟის“ კლასტერის კონტაქტია. „ოქროს ბირჟაზე“ მისი ოჯახის წევრი მუშაობს.

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ის კლინიკაში მკურნალობს.

„აღნიშნულ პირს კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა, მასთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი, 10-მდე ადამიანი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი და PCR ტესტირება ჩაუტარდათ და რამდენიმე დღის შემდეგ ტესტირება განმეორებითაც ჩაუტარდებათ. მერიაში სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარებულია და უწყება მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს“, – განაცხადეს თბილისის მერიაში.

14 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა — 292, გარდაიცვალა 7 ადამიანი.

ჯამში საქართველოში კორონავირუსის სულ 13 521 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან, 7 159 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. კორონავირუსით სულ 109 გარდაიცვალა.