კახა კალაძე: ჩვენ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობითა და ხელმძღვანელობით, კაცთმოძულე რეჟიმი წარსულს ჩავაბარეთ და დავიწყეთ დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა

726

ჩვენ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობითა და ხელმძღვანელობით, კაცთმოძულე რეჟიმი წარსულს ჩავაბარეთ და დავიწყეთ ჭეშმარიტად ევროპული, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ახალქალაქში, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სამველ მანუკიანის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, წინა ხელისუფლება რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს ყურადღებას არ აქცევდა და საკუთარ მოქალაქეებზე სასტიკად ძალადობდა.

„ჩვენი გუნდისთვის, “ქართული ოცნებისთვის” რეგიონების განვითარებას გადამწყვეტი და საკვანძო მნიშვნელობა აქვს. წინა ხელისუფლების პირობებში, ადამიანის შრომას ფასი ჰქონდა დაკარგული და სახელმწიფო რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს ყურადღებას არ აქცევდა და მეტიც, საკუთარ მოქალაქეებზე სასტიკად ძალადობდა. თუმცა ჩვენ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობითა და ხელმძღვანელობით, კაცთმოძულე რეჟიმი წარსულს ჩავაბარეთ და დავიწყეთ ჭეშმარიტად ევროპული, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი, მისი უფლებების დაცვა და ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნაა.

სწორედ ამ მიზნით განხორციელდა უამრავი რეფორმა სოფლის მეურნეობის, მეწარმეობის, განათლების, ჯანდაცვის და სხვა სფეროების მიმართულებით, რამაც ქვეყანაში ვითარება დადებითად შეცვალა და ქვეყანა განვითარების სწორ რელსებზე დააყენა.

დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში და ზოგადად, ქვეყანაში ბევრი გამოწვევა და პრობლემაა, ხალხი მთავრობის თანადგომას მუდმივად გრძნობს და აფასებს. ყველა ხედავს, რომ მთავრობისთვის უპირველესი ამოცანა ადამიანი, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაა, რასთან ერთადაც მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და ქვეყნის ეკონომიკის დაჩქარებული ტემპებით განვითარებაა პრიორიტეტული.

კორონავირუსმა მთლიანად შეცვალა როგორც მოქალაქეების, ისე მთავრობის გეგმები, თუმცა ჩვენ ვალდებულები ვართ, ამ გამოწვევას ღირსეულად გავუმკლავდეთ და სტაბილურობით, სიმშვიდის შენარჩუნებითა და გაასმაგებული შრომით, ქვეყანა წარმატების გზაზე გავიყვანოთ.

სიმშვიდე და სტაბილურობა საქართველოს წარმატებაა. ჩვენი ყველას ვალია, კიდევ ერთხელ დავდგეთ ერთად და მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ღირსეულად, სამართლიანად გავიმარჯვოთ“, – განაცხადა კალაძემ.