კოსტავას ქუჩაზე სკვერი მოეწყო

1046

კოსტავას ქუჩაზე, თბილისის ცირკის მიმდებარედ სკვერი მოეწყო.

თბილისის მერია ინფორმაციით, აღნიშნული ტერიტორია ადგილობრივ მოსახლეობას თვითნებურად ჰქონდა შემოსაზღვრული და ინფრასტრუქტურა სრულად ამორტიზებული იყო.

სამუშაოების შედეგად, ტერიტორიის დიდი ნაწილი საბავშვო ზონას დაეთმო – რეზინის ფილებიან მოედანზე სათამაშო ინვენტარი, მათ შორის ორდონიანი ატრაქციონი და საქანელა განთავსდა. სკვერში, ბილიკები და განათების ქსელი მოეწყო. ასევე, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, დაირგო სხვადასხვა სახის ხე-მცენარე.

დასრულებული სამუშაო პროცესი მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემ დაათვალიერა. მისი თქმით, კოსტავას ქუჩაზე სკვერი მოეწყობა ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროექტია.

“აღნიშნულ ტერიტორიაზე მსგავსი დასასვენებელი სივრცე არასდროს ყოფილა. შესაბამისად, ეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. გაუგებარი კონსტრუქციის მაგივრად, ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი მოეწყო. ჩვენი მიზანია, არცერთი უბანი დარჩეს მსგავსი სივრცის გარეშე და ყველა ბავშვმა სახლთან ახლოს შეძლოს გართობა“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

ინფრასტრუქტურული პროექტი კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 126 120 ლარი გამოიყო.