გიგი უგულავას გზავნილი იყო ის, რომ მთავარი ამოცანა ივანიშვილის დამარცხებაა, მაგრამ თუ სააკაშვილი მას ეხმარება პროპაგანდით, რომ მხოლოდ ის არის ალტერნატივა, მაშინ ისიც მიიღებს შესაბამის პასუხს, – ასე განმარტავს „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე მათივე პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას იმ განცხადების შინაარსს, რომლის მიხედვითაც, უგულავა ამბობს, რომ გამოსავალია:მუშტი ბიძინას და იდაყვი მიშას“.
სერგი კაპანაძის განმარტებით, უგულავას ეს გზავნილი „ივანიშვილს ხელს არ უწყობს”.
„ევროპული საქართველოს” საარჩევნო სტრატეგიაა ვისაუბროთ იმაზე, რა ტიპის გარდამტეხი ცვლილებები უნდა მოხდეს ივანიშვილის დამარცხების შემდეგ, როგორ უნდა მოხდეს გადასახადების შემცირება და ხალხისთვის მეტი ფულის დატოვება, ეკონომიკის ფეხზე დაყენება, სიღარიბის დაძლევა და ა.შ.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არასწორად წარმოჩენილ რეალობას, რომელიც ილუზიაა, შევეწინააღმდეგოთ. ეს იყო სწორედ გიგი უგულავას გზავნილიც, რომ მთავარი ამოცანა ივანიშვილის დამარცხებაა, მაგრამ თუ სააკაშვილი მას ეხმარება პროპაგანდით, რომ მხოლოდ ის არის ალტერნატივა, მაშინ ისიც მიიღებს შესაბამის პასუხს. რაც შეეხება იმას, ეს გზავნილი უწყობს თუ არა ხელს ივანიშვილს, რა თქმა უნდა, არა. ივანიშვილის პროპაგანდას პირიქით ეხმარება გზავნილი, რომ მისი ალტერნატივა არის მხოლოდ სააკაშვილი. მესმის, რომ შესაძლოა, ბევრს არ მოეწონა ფორმა, როგორითაც ეს იყო ნათქვამი, მაგრამ ჩვენი მთავარი გზავნილი არ უნდა დაგვავიწყდეს – გარდამტეხი ცვლილებები და იმ ილუზიის დანგრევა,რომლის შექმნას ცდილობს როგორც სააკაშვილი, ისე ივანიშვილი, რომ მხოლოდ ისინი არიან ალტერნატივა”, – განაცხადა კაპანაძემ.