თელავის მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

287

ქალაქ თელავში დაგეგმილ წყალმომარაგების მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, სატენდერო წინადადებები 20 ნოემბერს გაიხსნება.

სამინისტროში აცხადებენ, რომ თელავის წყლის სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციას აზიის განვითარების ბანკი 8.5 მილიონი დოლარით დააფინანსებს.

მათი განმარტებით, დღეის მდგომარეობით, ქალაქის მოსახლეობის ნაწილს წყალი სტაბილურად მიეწოდება, ნაწილს კი დღის განმავლობაში რამდენიმე საათით. დაგეგმილი პროექტით გათვალისწინებულია წყალმომარაგების ახალი ქსელის, წყლის სათავე ნაგებობის, რეზერვიარებისა და ჭაბურღილების მოწყობა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, 30 000-მდე ადგილობრივი სტაბილური წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. აღნიშნული საერთაშორისო ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების დაწყებამდე, ქალაქში აქტიურად მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მესამე ფაზის I ეტაპის სამშენებლო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც, მოეწყო ჭაბურღილები და გამრიცხველიანდა მოსახლეობის ნაწილი, სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, გაზაფხულისთვის დასრულდება თელავის მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების გამრიცხველიანებისთვის საჭირო დამატებითი სამუშაოები. გარდა ამისა, დაგეგმილია სამუშაოები „წიწმატიანის“ სათავე ნაგებობის რეაბილიტაციის, სატუმბი სადგურისა და მაგისტრალური წყალდენის პროექტირება-მშენებლობაზე. ამ ეტაპზე, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტთა შერჩევა შეფასების პროცედურა მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 24 თვეში უნდა დაასრულოს.