ჟვანია: კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის ხმის მიცემის მექანიზმი შემუშავებულია და გასაჯაროვდება

352

“მთავარის” გადაცემაში “მთავარი დებატები” ცესკოს თავმჯდომარე, თამარ ჟვანია ამბობს, რომ კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის 2020 წლის არჩევნებში ხმის მიცემის პროცედურები სათანადოდ შემუშავებულია, იმ რეკომენდაციების მიხედვით, რომლებიც შესაბამისი სტრუქტურებიდანაა მიღებული.

„ჩვენ უკვე გვქონდა ამ საკითხზე მსჯელობა პარტიებთან და სამოქალაქო ორგანიზაციებთან. თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ვხვდებით ეპიდემიოლოგებს, სამინისტროს წარმომადგენლებსა და ლუგარის ლაბორატორიის ხელმძღვანელობას. დღეის მოცემულობით, უკვე გვაქვს გამოკვეთილი რეკომენდაციები, რომლის საფუძველზეც ვაპირებთ მივიღოთ ახალი დადგენილება, რომელიც უზრუნველყოფს კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი პირების ხმის მიცემის საკითხებს.

“მე წინასწარ ამაზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან უნდა მივაღწიოთ კონსენსუსს. პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო ორგანიზაციები საარჩევნო ადმინისტრაციასთან ერთად უნდა შევთანხმდეთ იმ ნორმებსა და თამაშის წესებზე, რომელიც ამ უფლების განხორციელებას ესაჭიროება. თუმცა, ჩვენი საარჩევნო ადმინისტრაციის, პოზიცია იმ რეკომენდაციების საფუძველზე, რომელიც უკვე გვაქვს ექსპერტების მიერ მოწოდებული, არის ის, რომ ყველა მათგანის კონსტიტუციური უფლება მისცენ ხმა, იყოს დაცული. შესაბამისად, რა მექანიზმებს შევთავაზებთ, ეს მომდევნო დღეებში გახდება ცნობილი“, –  ამბობს ჟვანია.

შეგახსენებთ, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერსაა ჩანიშნული.