საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა, დამკვირვებლებმა, მედიისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებმა არჩევნების დღეს პენიტენციურ დაწესებულებაში მუშაობამდე 14 -დღიანი კარანტინი უნდა გაიარონ.
საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრები, დამკვირვებლები, ასევე, საარჩევნო სუბიექტების, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლები ვალდებული არიან 18 ოქტომბრის დილის 10 საათიდან საარჩევნო უბნის გახსნამდე გაიარონ სავალდებულო კარანტინი შესაბამის საკარანტინე სივრცეში. აღნიშნული პირები საკარანტინე სივრციდან ტრანსპორტით პირდაპირ უნდა გამოცხადნენ პენიტენციურ დაწესებულებაში არჩევნების დღის დილის 7 საათზე. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებაშია ნათქვამი, რომლითაც ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის პენიტენციურ დაწესებულებებში საარჩევნო უბნების შექმნის, საუბნო საარჩევნო კომისიების/სპეცჯგუფების დაკომპლექტების, ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების/ვადის განსაზღვრისა და სანიტარულ-ჰიგიენური წესები განისაზღვრა.
დადგენილების თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრები, დამკვირვებლები, ასევე, საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლები ვალდებული არიან 2020 წლის 29 ოქტომბერს ჩაიტარონ PCR ტესტი. ისინი პენიტენციურ დაწესებულებაში დაიშვებიან მხოლოდ სავალდებულო კარანტინის გავლისა და PCR ტესტის ჩატარების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში.
საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრების სავალდებულო კარანტინის გავლისა და PCR ტესტის ჩატარების ხარჯები ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. დამკვირვებლები, საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლები კარანტინის გავლისა და ტესტის ჩატარების ხარჯებს თავად ანაზღაურებენ. იმ შემთხვევაში, თუკი საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუგის წევრი, დამკვირვებელი, საარჩევნო სუბიექტის, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელი კენჭისყრის დღეს დატოვებს კენჭისყრის შენობას (პენიტენციურ დაწესებულებას), იგი განმეორებით აღნიშნულ კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება. აღნიშნული პირები აგრეთვე არ დაიშვებიან ნებისმიერ სხვა კენჭისყრის შენობაში.
ასევე არ შეიძლება დამკვირვებლებსა და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლებს შეენაცვლონ მისი წარმდგენი ორგანიზაციის სხვა რეგისტრირებული წარმომადგენლები/დამკვირვებლები.
დადგენილება სრულად შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს საიტზე.