ქუთაისის სავაჭრო ცენტრ “გრანდ მოლის” მმართველი შრომის ინსპექციის მიერ გამოწერილ ჯარიმას გაასაჩივრებს

405

ქუთაისში, სავაჭრო ცენტრის “გრანდ მოლის”  მმართველის ნატო დანელიას განცხადებით, ადმინისტრაცია სასამართლოს მიმართავს და შრომის ინსპექციის მიერ დაკისრებულ უსამართლო ჯარიმას აუცილებლად გაასაჩივრებს. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

პოლიტიკური კოალიციის “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი წევრის განცხადებით, მათ მიმართ მკაცრი სანქცია სპეციალურად გამოიყენეს.

“სპეციალურად დაგვაჯარიმეს, არც გაფრთხილება ყოფილა, არც სავალდებულო მოთხოვნებშია გაწერილი თერმოსკრინინ-დეტექტორის აუცილებლობა. თურმე ახლა სავალდებულოა, ლუგარის ლაბორატორიის ეტიკეტით სითხეების შეძენა, ხალათებისა და პირბადეების ქონა, ასევე ადამიანების რაოდენობის მთვლელი მოწყობილობა, რომელიც ძალიან ძვირია. კომპანიას არ აქვს შემოსავალი, გადასახადებსაც ვერ ვიხდით, 3 თვე გაჩერებულები ვიყავით და საიდან უნდა შევიძინოთ ამდენი აღჭურვილობა, ან ეს ჯარიმა როგორ გადავიხადოთ? ჩვენ, აუცილებლად გავასაჩივრებთ ამ მოთხოვნას და იმედი მაქვს,  სასამართლო პროცესამდე ხელისუფლება შეიცვლება”,- განაცხადა ნატო დანელიამ.

მისი განმარტებით, შრომის ადმინისტრაციის მიერ სავაჭრო ობიექტოსათვის გამოწერილი 10 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმას პირველ ეტაპზე ადმინისტრაციული სარჩელით შრომის ინსპექციაში გაასაჩივრებენ, საიდანაც მოსალოდნელი უარყოფითი პასუხუს შემდეგ მიმართავენ სასამართლოს.

შეგახსენებთ, სავაჭრო ცენტრი 10 ათასი ლარით ორი დღის წინ დააჯარიმეს.