გორის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესის დაწყება 15 ოქტომბრამდე გადაიდო

379

გორის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესის დაწყება 15 ოქტომბრამდე გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაცია სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ გაავრცელა. სააგენტოში არ აკონკრეტებენ, რა მიზეზით მიიღეს ეს გადაწყვეტილება, მხოლოდ იმას განმარტავენ, რომ “მიზეზების ცოდნა არაფერს შეცვლის”. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

“არის რამდენიმე მიზეზი, რის გამოც საჭირო გახდა სააღმზრდელო პროცესის სამი დღით გადადება. კონკრეტული მიზეზების ცოდნა თქვენთვის არაფერს შეცვლის”, – ამბობენ სააგენტოში.

რადიო “მოზაიკამ” გაარკვია, რომ ძირითადი მიზეზი, რის გამოც გორის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი გადაიდო, ბუნებრივი აირის შეწყვეტაა, კონკრეტულად კი საბავშო ბაღები გათბობის ელექტრო სისტემაზე გადასვლას აპირებდნენ, თუმცა სამუშაოების დასრულება დააგვიანდათ.

“გარკვეული მიზეზების გამო გორის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში სასწავლო – სააღმზრდელო პროცესი 15 ოქტომბრამდე გადაიდო. ბავშვების ბაღში მიყვანის წესებს სწავლის დაწყებამდე გაგაცნობთ”, – წერია განცხადებაში.

აღნიშნულ განცხადებამდე, სააგენტომ კიდევ ერთი ინფორმაცია გაავრცელა, რის მიხედვითაც სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებში ქვეყანაში გართულებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას უკავშირდებოდა, თუმცა რამდენიმე წუთში განცხადება წაიშალა.

შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მასშტაბით, საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბერს უნდა განახლდეს.