მილიონი ხის ფარგლებში, თბილისში უკვე 700 000 – მდე ძირი ხეა დარგული, რომელთაგან დაახლოებით 80%-მა გაიხარა, – ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” თბილისის მერიაში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, ყველაზე დიდი ლოკაციები, სადაც ხეები დაირგო, თბილისის ზღვის გარშემო ტერიტორია და დიდი დიღომია.
”თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გაშენდა ზეთისხილის ბაღები, დიდ დიღომში გაშენდა ნუშის ბაღები. თბილისსა და მის შემოგარენში დაირგო სხვადასხვა სახეობის ფოთლოვანი და წიწვოვანი ხეები. აქციის ”დავუბრუნოთ ჭადრები თბილისს” ფარგლებში, დაირგო 200 ძირი ჭადარი, შემოდგომაზე დაირგვება კიდევ 1200 ძირი ჭადარი”, – აცხადებენ თბილისის მერიაში.
მათივე ინფორმაციით, გახარების მაჩვენებელი სხვადასხვა ლოკაციაზე სხვადასხვაა. მაგალითად, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ზეთისხილის ბაღებმა 100%-ით გაიხარა, ხოლო ამ საერთო რაოდენობის გახარების მაჩვენებელი 70%-დან 80%-მდეა.
ხეების დარგვა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ წინასაარჩევნო პროგრამის ფარგლებში დაანონსა. როგორც 4 წლის წინ დავით ნარმანიამ განაცხადა, მისი მერობის პერიოდში მილიონი ხე დაირგვებოდა.
წყარო: ინტერპრესნიუსი