„ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა, გიგი უგულავამ და დავით ბაქრაძემ, ბათუმის მოსახლეობას პარტიის ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი საკანონმდებლო ორგანოში, არმაზ ახვლედიანი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოში, ვახტანგ კალოიანი წარუდგინეს.
ვახტანგ კალოიანის თქმით, დღეს ქვეყანაში საჭიროა ადგილობრივი თვითმმართველობის, ეკონომიკური, პოლიტიკური და სისტემური გაძლიერება, რასაც სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები 31 ოქტომბრის არჩევნებზე.
„ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა „ევროპული საქართველოს“ სახელით ვიბრძოლო ბათუმის წარმომადგენლობისთვის აჭარის უმაღლეს საბჭოში. ჩვენ ვართ ერთიანები, მაგრამ არ ვართ ერთნაირები. ეს არის ის ღირებულება, რომლის ირგვლივაც სხვადასხვა პოლიტიკური თუ სამოქალაქო ბიოგრაფიის ადამიანები გავერთიანდით ერთ გუნდში. ჩვენ, ბათუმის მოქალაქეებმა უნდა ვიპოვოთ ის წერტილები, რომლებიც გვაერთიანებს და არ გვყოფს, მაგრამ ამავე დროს, უნდა ვიყოთ ძალიან მკაცრი და შეურიგებელი იმ სიღარიბის და კორუფციის მიმართ, რომელიც დღეს ჩვენ ქალაქშია.
ბათუმს, როგორც მთლიანად საქართველოს, აუცილებლად სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, ადგილობრივი თვითმმართველობის, პოლიტიკური და ეკონომიკური და სისტემური გაძლიერება, ბათუმი ღირსია, რომ ჰყავდეს მისი მოქალაქეების მიერ რეალურად არჩეული მერი და არა შუშის კოლბაში დანიშნული ჩინოვნიკები. ქალაქის გონივრული განვითარება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ უნდა ავიცილოთ ის ხიფათი, რომელიც ელოდება ჩვენ ქალაქს, ჩაბეტონების თუ ქიმიური ტერმინალის სახით. ჩვენ დაგეგმილ რეფორმებს მივიტანთ თითოეულ მოქალაქემდე, ბათუმი იმსახურებს ისეთ ხელისუფლებას, რომელიც მას შეუიარაღებელს არ დატოვებს დაავადების წინაშე და ეპიდემიის და ეპიდემიისთვის არ გაწირავს მას.
დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მხარდაჭერით, 31 ოქტომბერს, ბათუმში დაიწყება გარდამტეხი ცვლილებები და გაერთიანებული სვლა ევროპული საქართველოსაკენ“,- განაცხადა კალოიანმა.