“სტრატეგია აღმაშენებელი” მუნიციპალურმა ინსპექციამ 15 000 ლარით დააჯარიმა

549

დღეს, 8 ოქტომბერს, “სტრატეგია აღმაშენებელი” თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ 15 000 ლარით დააჯარიმა თავისუფლების მეტროს წინ პარტიის სარეკლამო კარვების დროებით განთავსების გამო. მის შესახებ პარტიის საარჩევნო შტაბში droa.ge-ს განუცხადეს.

“დღეს, თავისუფლების მეტროს წინ, ტროტუარზე, სამი ბრენდირებული კარავი დავდგით, სადაც ხელმოწერების შეგროვებას ვაგრძელებდით საბანკო სესხების ჩამოწერის დაპირებასთან დაკავშირებით. გვქონდა პირდაპირი ჩართვაც, ჩვენი ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე აკეთებდა განცხადებას. როდესაც თბილისის მერიის ინსპექციის სამსახური მოვიდა და ადგილზე დაგვაჯარიმა. თითო 5 000 ლარით, ანუ ჯამში – 15 000 ლარით. ერთ-ერთ მიზეზად დაასახლეს გარემოს, ქალაქის იერსახის დამახინჯება. რეალურად კი, ხელი შეგვიშალეს საარჩევნოდ”, — აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებლის” სპიკერი თეონა აქუბარდია.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციაში აცხადებენ, რომ სარეკლამო კონსტრუქციების ნებართვის გარეშე განთავსება უკანონოა და ჯარიმას ექვემდებარება. პარტია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150 (3) მუხლის მე-4ე ნაწილის მიხედვით დაჯარიმდა, რაც გულისხმობს თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კონსტრუქციების თვითნებურად განთავსებას — საქართველოს კანონით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში.

“სტრატეგია აღმაშენებელი” წარსულშიც რამდენჯერმე დაჯარიმდა, მათ შორის, ბოლოს 5 ოქტომბერს  თბილისის მერიასთან გამართულ აქციაზე. მუნიციპალურმა ინსპექციამ მაშინ ამის მიზეზად მიმდებარე ტერიტორიაზე კარვების თვითნებურად განათავსება დაასახელა და პარტია 1 000 ლარით დააჯარიმა.