გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღები სააღმზრდელო პროცესის დასაწყებად ემზადებიან. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
დაწესებულებებში საკვებ პროდუქტს შაბათ-კვირას შეიტანენ. გორის მერიის განათლების განყოფილების ხელმძღვანელის, ნინო ბერიანიძის თქმით, ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე გაცდენები ბავშვს საპატიოდ ჩაეთვლება და მისი ამორიცხვა არ მოხდება.
“პანდემიიდან გამომდინარე აღსაზრდელთა დასწრება თავისუფალი იქნება. თუ მშობელი ჩათვლის, რომ ბავშვი სიფრთხილის, ან პრევენციის მიზნით, არ უნდა ატაროს საბავშვო ბაღში მას ეს გაცდენები საპატიოდ ჩაეთვლება და არ ამოირიცხება. ამასთან, ბაღების დირექციას მშობლებთან აქტიური კომუნიკაცია აქვს. ბავშვების მიღება დილის 9:00 საათიდან 10:00 საათამდე მოხდება. საღამოს 6 საათამდე დროის მონაკვეთში კი მშობელმა უნდა გააფრთხილოს ბაღის წარმომადგენელი რომ ბავშვის გასაყვანად მიდის და კართან დაახვედრებენ მას. ბავშვებს თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ და ორშაბათიდან ყველა დაწესებული რეგულაციების დაცვით მოხდება აღსაზრდელების მიღება”, – ამბობს ნინო ბერიანიძე.
ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო – ბაღები, სააღმზრდელო პროცესს 12 ოქტომბერს დაიწყებენ.