თბილისის მერიამ ღია კაფე-ბარები მიმდინარე წლის ბოლომდე იჯარის გადასახადისგან გაათავისუფლა. გადაწყვეტილება თბილისის მერმა ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისში მიიღო და ძალაში მარტიდან შევიდა. პანდემიიდან მე-8 თვეს bm.ge-ს თბილისის მერიაში უთხრეს, რომ საიჯარო შეღავათით, დაახლოებით, 200-მდე ღია კაფემ ისარგებლა.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ შეღავათით ისარგებლა 200-მდე კაფემ სამართლებრივად, ვისაც ხელშეკრულება ჰქონდა, მაგრამ გარდა ამისა, ვისაც ხელშეკრულება არ ჰქონდა, მათაც მიეცათ უფლება, წლის ბოლომდე განათავსონ მაგიდა და სკამები თავისი ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე“, – განმარტავენ მერიაში.
მერიაში ამბობენ, რომ covid-19-ის გამო შექმნილი გამოწვევებიდან გამომდინარე, ბიზნესს სხვა შეღავათებიც მისცეს:
“მაგალითისთვის, თუკი პირობითად 10 კვ/მ იყო გაცემული, პანდემიის შეზღუდვების გათვალისწინებით, მაგიდების დაშორებიდან გამომდინარე, დამატებითი ფართის საჭიროების შემთხვევაში, კაფე-ბარების მფლობელებს მიეცათ უფლება, რომ 10 კვ/მ-ის ზემოთ გადავიდნენ და უფრო დიდ ტერიტორიაზე განათავსონ მაგიდები. ასეთ შემთხვევაში, მუნიციპალური ინსპექცია არ აჯარიმებს ამ პირებს და მხოლოდ და მხოლოდ ამოწმებს, რომ ტროტუარზე დარჩეს გასავლელი მოქალაქეებისთვის, რათა ფეხით მოსიარულეები არ შეფერხდნენ”.
Bm.ge-ის ასევე აინტერესებდა, დაახლოებით, რა საბიუჯეტო შემოსავალი დააკლდა თბილისის ბიუჯეტს აღნიშნული საიჯარო შეღავათების გამო, რაც ოფიციალურად გამოვითხოვეთ და პასუხებს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.