თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ განახლებულ ჭავჭავაძის გამზირზე “პატარა ხარვეზებია”, რომლის გამოსწორებასაც, მისივე სიტყვებით, ყოველდღიურად ცდილობენ.
“პირველი დღეების განმავლობაში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. ჩვენ ამას ველოდით, იმიტომ, რომ შუქნიშნების ადაპტირება, სანამ ადამიანები მიეჩვეოდნენ, ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი და ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია ამასთან დაკავშირებით.
დღესაც ჩვენ სულ ვართ განახლების, დაკვირვების პროცესში, არის პატარა ხარვეზები, რომლებსაც ვცდილობთ, რომ ყოველდღიურად გამოვასწოროთ, რომ დისკომფორტი მაქსიმალურად შემცირდეს,” – ამბობს კალაძე.
კალაძის თქმით, ჭავჭავაძეზე არის რამდენიმე “ცხელი წერტილი”, მათ შორის, ყიფშიძის ქუჩა, რომელიც, მისივე სიტყვებით, დატვირთულია.
“არის შემთხვევები, განსაკუთრებით პიკის საათებში, როდესაც ქუჩა იჭედება. შესაბამისად, ამ მიმართულებითაც უკვე გვაქვს გადაწყვეტილება მიღებული, თუ როგორ უნდა იყოს ეს პრობლემა მოგვარებული. ფაქტობრივად, მიდის ამაზე მუშაობა, ყიფშიძის ქუჩიდან ახალ გზაზე ჩამსვლელი გზის პროექტის განხორციელება. ჩვენ ამ პროექტის მომავალი წლიდან დაწყებას ვფიქრობთ,” – ამბობს კალაძე.
1 აგვისტოდან ილია ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსებმა და სამარშუტო ტაქსებმა ახლად გამოყოფილ, სპეციალურ ზოლებში განახლებული სქემით დაიწყეს მოძრაობა. მე-2 და მე-3 ზოლში საზოგადოებრივი ტრანსპორტი საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობს. ამ ზოლებში მხოლოდ ავტობუსები და სამარშუტო ტაქსები ივლიან.