გახარია: საარჩევნო პროცესს ვერ და არ გავაჩერებთ, მიუხედავად ზოგიერთი ვაი-ექსპერტის მოწოდებისა

297

საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის არსებული წესები უნდა დავიცვათ იმისთვის, რომ ეკონომიკა სხვა ქვეყნებზე სწრაფად აღდგეს. ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ საქართველო უნდა იყოს სამაგალითო და აჩვენოს ყველას, რომ ამ პირობებშიც შეიძლება ნორმალური თანაცხოვრება.

“რაც შეეხება სწრაფად ეკონომიკურ ცხოვრებაში დაბრუნებას, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ აქ უმნიშვნელოვანესი კომპონენტია წესების დაცვა. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პირბადე უნდა გავიკეთოთ და სოციალური დისტანცია უნდა დავიცვათ, პირველ რიგში, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი ეკონომიკური აღდგენა, ჩვენი სამუშაო ადგილების აღდგენა სხვებთან შედარებით იყოს უფრო ეფექტური და სწრაფი. რასაც აქამდეც ვაკეთებდით და ახლაც ვაგრძელებთ.

უბრალოდ რამდენიმე კომპონენტი გვემატება: პირველი – საარჩევნო პროცესი, რომელსაც ვერ და არ გავაჩერებთ მიუხედავად ზოგიერთი ვაი-ექსპერტის მოწოდებისა, ეს არის ხელშეუხებელი პროცესი და უნდა გვესმოდეს, რომ თავისუფალი არჩევნები არის პრიორიტეტი პირბადით, დისტანციის დაცვით და საქართველომ მთელ მსოფლიოს უნდა ანახოს, რომ ასეთ მდგომარეობაშიც შესაძლებელია ნორმალური ცხოვრების გაგრძელება იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა, მთავრობა, მოქალაქე, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო ორგანიზაციები ზედმიწევნით იცავენ წესებს და აქვთ დისციპლინის მაღალი ხარისხი“, – განაცხადა პრემიერმა.