თბილისის მერია: ვაკის რაიონში ამხანაგობების 181 სარეაბილიტაციო პროექტი დაფინანსდა

406

ვაკის რაიონის გამგეობისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანამშრომლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. თბილისის მერიის ცნობით, 2020 წლის იანვრიდან დღემდე, გამგეობის მიერ, 181 სხვადასხვა ტიპის სარეაბილიტაციო პროექტი დაფინანსდა.

კერძოდ, რაიონის უბნებში 61 მისამართზე ლიფტი რეაბილიტირდა, განახლდა 50 მრავალბინიანი სახლის სახურავი და ახალი წყალსაწრეტი მილები დამონტაჟდა. გარდა ამისა, დაფინანსდა სადარბაზოს, მისი კარის და შესასვლელის რემონტის 21 პროექტი, მრავალბინიანი სახლის გამაგრების 3 პროექტი, განახლდა წყალარინების 26 შიდა ქსელი, 5 სახლის სართულშუა ნაპრალები და 15 საერთო სარგებლობის კიბე.

სულ, აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 3 მილიონ 840 000 ლარი გამოიყო.

ყველა პროექტი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში და ამხანაგობების ოფიციალური მოთხოვნების შესაბამისად დაფინანსდა.