პოლიტიკურ პარტიებს აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას შეხვდნენ, ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით თავიანთი ხედვები გააცნონ და მათ ხელს არავინ უშლის. არსებობს კანონები, წესები, რომელიც ყველამ უნდა დაიცვას და არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქალაქი თავზე დაიმხონ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თბილისის მერიასთან აქციასა და რამდენიმე მონაწილის დაკავების თაობაზე.
გარდა ამისა, კახა კალაძემ ისაუბრა გასულ დღეებში, ცალკეულ ადგილებში პოლიტიკურ პარტიებს შორის მომხდარ ინციდენტებზე და აღნიშნა, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანია ყოველგვარი პრობლემის გარეშე ჩაატაროს. თბილისის მერის თქმით, საარჩევნო კამპანია მთლიანობაში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
„რა თქმა უნდა, სამწუხაროა ის ცალკეული ინციდენტები და პროვოკაციები, რომელიც ჩვენ ვიხილეთ. მე არ გამოვყოფ, ვინ, რომელი პარტიის წევრია და ვინ, რა გააკეთა. კანონის წინაშე პასუხი ყველამ უნდა აგოს. კატეგორიულად მიუღებელია ფიზიკური, სიტყვიერი დაპირისპირება და შეურაცხყოფა. არ არის აუცილებელი ერთმანეთის შტაბების წინ აქციების გამართვა, გამოწვევა და ა.შ. ამიტომ, თუ ვინმე დანაშაულს ჩაიდენს, კანონის წინაშე ყველას მოეთხოვება პასუხი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
გუშინ, თბილისის მერიასთან სტრატეგია აღმაშენებელმა აქცია გამართა. აქტივისტები პლაკატების გაკვრის გამო მათი პარტიის წევრების დაჯარიმებას აპროტესტებდნენ და ჯარიმების ჩამოწერას მოითხოვდნენ. აქციაზე პარტიის 4 წევრი დააკავეს. თბილისის მერიასთან ჯარიმების გასაპროტესტებლად მისული „სტრატეგია აღმაშენებელი“ ისევ დაჯარიმდა