უგულავა: მერი ვიყავი, როცა ივანიშვილმა იპოდრომის ტერიტორია იყიდა, სულ რაღაც მშენებლობის იდეები ჰქონდა – კარგია, ეტყობა, თბილისში უჭირს და ეს ნაბიჯი გადადგა, აღარ დაემუქრება მშენებლობა

513

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, იპოდრომს, სადაც თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება, სწორედ მისი მერობის დროს მიენიჭა ლანდშაფტურ-რეკრეაციული ზონის სტატუსი. ამის შესახებ უგულავამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში 360 გრადუსი“ ისაუბრა.

გიგი უგულავა აღნიშნულ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს და იქვე დასძენს, რომ იპოდრომის ტერიტორია ბიძინა ივანიშვილმა სწორედ მისი მერობის დროს შეიძინა და იქ სხვადასხვა მშენებლობის დაწყების იდეა ჰქონდა.

„შედეგი რაც დადგა, კონტექსტის მიღმა, ძალიან კარგია. ამ შედეგის დადგომისთვის მეც ძალიან ბევრი ვიშრომე თავის დროზე, თუმცა, ბოლომდე ვერ მივაღწიე და მიუხედავად იმისა, რომ კერძო ტერიტორია იყო, ლანდშაფტურ-რეკრეაციული ზონა სწორედ ჩემი წინადადებით დაადო თავის დროზე საკრებულომ. თავისთავად, შედეგი კარგი დადგა, თუმცა, იქ ამ პროცესში, როგორც კომპეტენტური ადამიანები იძახიან, ფულის გათეთრებასთან გვაქვს საქმე, ეს ყველაფერი ცუდია, ეს ყველაფერი გამოსაძიებელია, ეს ყველაფერი შესასწავლია და თუ ეს ასეა, შესაბამისი პასუხი უნდა მოეთხოვოთ.

ჯერ კიდევ, შევარდნაძის ეპოქიდან ეს ტერიტორია იყო პრივატიზებული, შემდეგ რამდენიმე მფლობელი ჰყავდა, მე ვიყავი მერი, როცა ბატონმა ივანიშვილმა ეს ტერიტორია იყიდა, სხვათა შორის, ამ ტერიტორიაზე სულ რაღაც მშენებლობის იდეები ჰქონდა, მაგრამ მან იცოდა ჩემი დამოკიდებულება, რომ სკეპტიკურად ვუყურებდი ამ მიმართულებას და ამ შესაძლებლობას. აგერ 8 წელი გავიდა, ამ 8 წლის განმავლობაში მას ნებისმიერ დროს შეეძლო ხელისუფლებაში ყოფნისას ეს გაეკეთებინა, თუმცა, საპირისპიროზე ფიქრობდა, იმიტომ რომ სანამ მერი ვიყავი, მისი წარმომადგენლები დადიოდნენ სხვადასხვა რაღაც ნახაზებით და პროექტებით, მაგრამ საბოლოო ჯამში, კარგია რომ გაუჭირდა, ეტყობა თბილისში უჭირს და შესაბამისად, ეს ნაბიჯი გადადგა.

რაც მოვყევი იმ კონტექსტის მიუხედავად, შედეგი რაც დადგა, ძალიან კარგია. გინდა თბილისის ფილტვები დავარქვათ, გინდა მუნიციპალური პარკი დავარქვათ, ეს იქნება კარგი დასასვენებელი ადგილი, უფრო სწორად, თეორიულად აღარ დაემუქრება არაფრის მშენებლობა“, – განაცხადა გიგი უგულავამ.