ქვრივიშვილი: გული მწყდება, რომ ვერ დავიწყეთ ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული პროექტის განხორციელება, ეს არის სველი წერტილების პროექტი

478

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა იმ პროექტზე ისაუბრა, რომელზეც გული წყდება, რომ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ვერ მოესწრო.

ქვრივიშვილის თქმით, ეს არის სველი წერტილების პროექტი.

„გული მწყდება იმაზე, რომ სანამ აქ ვარ, ვერ დავიწყეთ უშუალოდ განხორციელება ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული პროექტის, რომელიც არის სველი წერტილების პროექტი. თუმცა, მოხარული ვარ, რომ ძალიან ბევრი სამუშაო ჩატარდა ჩვენი გუნდის მხრიდან და უდიდესი მხარდაჭერა გვაქვს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხრიდან იმისთვის, რომ უკვე ახალი ხელმძღვანელისთვის დავტოვოთ ღირებული საქმე, რაც იქნება უკვე იმის საწინდარი, რომ მომდევნო პერიოდში გადავიდეს იმპლემენტაციის ეტაპზე.

ეს, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს ფუნდამენტურად ამ პრობლემის აღმოფხვრას, თუმცა, საგრძნობლად შეამსუბუქებს ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან მინიმუმ ტურისტულ ობიექტებზე სველი წერტილების პრობლემის აღმოფხვრას. ჩვენ ასევე, ამ პროექტზე მუშაობისას აღმოვაჩინეთ, რომ ქვეყანაში არ იყო ისეთი ნორმატიული აქტები, რომელიც სანიტარულ ნორმებს ამ კუთხით არეგულირებდა და ჯანდაცვის სამინისტროსთან აქტიური მუშაობით უკვე გვაქვს ეს სტანდარტი“, – აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, მეორე რაზეც მას ასევე გული სწყდება, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინსტიტუციური რეფორმის ვერ მოსწრებაა.

„ინსტიტუციური რეფორმა, რომელიც გულისხმობს უწყების გაძლიერებას და ისეთი ფორმის მიღებას, რომელიც ინსტიტუტს კიდევ უფრო ფუნქციურს გახდიდა. გუნდში ამაზე აქტიურად მიდიოდა მუშაობა. ბევრი რამ გაკეთდა“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.