პრემიერი: მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ინფიცირებულების რაოდენობა გვეზრდება, ჯერ პროცესს ვმართავთ

391

საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება, ხელისუფლება ჯერ ამ პროცესს მართავს.

როგორც მან აღნიშნა, მთავარია, მოსახლეობამ სპეციალისტების მიერ გაცემული რეგულაციები დაიცვან.

„სახელმწიფო თითოეულ ადამიანს, თითოეულ მოქალაქეს გვერდით უდგას იმიტომ, რომ სოფლად გლეხი გახდეს ძლიერი ფერმერი, გახდეს ისეთი ფერმერი, რომელიც შეძლებს ჯერ თავისი ოჯახის წევრები დაასაქმოს, შემდეგ მეზობელი და კიდევ და კიდევ უფრო გაამყაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა.

პანდემიის გამო ასეთ მდგომარეობაში ყოფნა ყველას დაგვეტყო, მაგრამ რაც არ უნდა რთული იყოს ეს გასაგებად, როგორც არ უნდა ცვლიდეს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას, რასაც ექიმები გვირჩევენ, ცოტა ხანი კიდევ უნდა მოვითმინოთ და პირბადეც უნდა გავიკეთოთ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ. მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენს მოხუცებულებზე ვიზრუნოთ.

სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ინფიცირებულების რაოდენობა გვეზრდება, ჯერ ამ პროცესს ვმართავთ და მთავარი არის, რომ ელემენტარული წესები დავიცვათ. კიდევ ერთხელ ვამბობ, განსაკუთრებით ხანდაზმულ ადამიანებს უნდა გავუფრთხილდეთ, ამას დიდი პასუხისმგებლობა აქვს, უნდა მოვუაროთ ამ ხალხს. უნდა გვესმოდეს, რომ რაც უფრო მარტივად და ეფექტურად დავიცავთ დისციპლინას და წესებს, მით უფრო მალე დავამარცხებთ ამ განსაცდელსაც და მით უფრო სწრაფად აღვადგენთ ჩვენს ეკონომიკას“, – განაცხადა გახარიამ.