აგროტურისტული საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, პარლამენტს ახალი საკანონმდებლო ცვლილებები წარედგინა. „აგროტურიზმის შესახებ“კანონპროექტი პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა მოამზადა, რომლის ინიცირება 5 ოქტომბრის ბიუროს სხდომაზე მოხდება.
კანონპროექტით განისაზღვრება აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტისთვის სტატუსის მინიჭების წესი და კონკრეტდება, რომ სტატუსის მინიჭებასა და შეწყვეტაზე უფლებამოსილი იქნება შემოსავლების სამსახური, რომელიც გადაწყვეტილებას მიიღებს აგროტურიზმის ბაზრის პოტენციალის კვლევით.
ცვლილებებით გათვალისწინებულია აგროტურიზმის სტატუსის მქონე სუბიექტის ვალდებულებებიც. კერძოდ, სუბიექტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: საკუთრების ან მართლზომიერ სარგებლობის უფლებით უნდა ფლობდეს აგროტურისტული მეურნეობას; რეგისტრირებული უნდა იყოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ წარმოებულ ფერმათა/ფერმერთა რეესტრში, რაც შესაძლებელს გახდის ფერმერული საქმიანობისა და მეურნეობის არსებობის ფაქტის დადასტურებას; ასევე მომსახურების გაწევის მიზნით, უნდა გამოიყენოს ადგილობრივი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი, რაც უნდა შეადგენდეს მის მიერ გამოყენებული პროდუქტის 50%-ს და სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით დადგენილი წესით, იყოს რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.
თავის მხრივ, ვალდებულებები ექნება სახელმწიფოსაც. პროექტით, უნდა მოხდეს საგადასახადო შეღავათების დაწესება; სახელმწიფო გრანტის მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა; შეღავათიანი საკრედიტო რესურსებით უზრუნველყოფა; აგროტურიზმის განვითარების ხელშეწყობის პროექტებისა და პროგრამების შემუშავება და განხორციელება; ასევე საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება აგროტურისტულ საქმიანობაში ჩართულ პირთა პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით; შესაბამის მუნიციპალიტეტებში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის ხელშეწყობა.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, ცვლილებებით განისაზღვრება, რომ აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტი ვალდებული იქნება, 2022 წლის პირველი ივნისიდან მომსახურების მიმღებ პირს შესთავაზოს ადგილობრივი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის არანაკლებ 50%.
პროექტით წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები შეეხება მხოლოდ იმ პირებს, რომელთა წლიური ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 200 000 ლარს. ცვლილებების მიხედვით, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის საქმიანობის ფარგლებში პირის მიერ მიღებული შემოსავალი და გაცემული ხელფასი, შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში.