NGO-ები პროკურატასა და სუს-ს მოუწოდებენ, “პატრიოტთა ალიანსის” შესახებ დოსიეს მასალები გამოიძიონ

451

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს საგამოძიებო და უსაფრთხოების უწყებებს, ასევე აუდიტის სამსახურს “პატრიოტთა ალიანსის” შესახებ “დოსიეს” მიერ გასაჯაროებულ  ინფორმაციაზე ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდებენ​.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, “დოსიეს” გამოქვეყნებული ანგარიშების გამოძიების აუდიტის სამსახურისთვის გადაცემა და მისი მხოლოდ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ჭრილში განხილვა არ არის საკმარისი, რადგან კვლევაში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, “პატრიოტთა ალიანსის” მიერ შესაძლოა სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის ნიშნები იკვეთებოდეს.

“დოსიეს ანგარიშებში საქართველოს “პატრიოტთა ალიანსის” კრემლთან კავშირებსა და ფინანსურ ურთიერთობებზეა საუბარი. დოსიეს მტკიცებით, ანგარიშები, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უცხოეთის ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსის, ვლადიმირ ჩერნოვის სამდივნოდან მოპოვებულ დოკუმენტებს ეფუძნება და მათში კრემლთან დაახლოებული ის ქსელია გამოაშკარავებული, რომელიც “პატრიოტთა ალიანსთან” ურთიერთობებს კურირებს.

საქართველოს საგამოძიებო და უსაფრთხოების უწყებებს გამოქვეყნებულ მასალებზე ამ დრომდე, არათუ საგამოძიებო მოქმედებები არ დაუწყიათ, არამედ ოფიციალური განცხადებაც კი არ გაუვრცელებიათ. ერთადერთი რეაგირება ამ საკითხზე, ევროპული საქართველოს დეპუტატის, ელენე ხოშტარიას წერილზე, რომელშიც ის პატრიოტთა ალიანსის რუსეთიდან შესაძლო დაფინანსების გამოძიებას ითხოვდა, პროკურატურის ფორმალური პასუხი გახლდათ. პასუხის თანახმად, პროკურატურამ აღნიშნული მოთხოვნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, როგორც პოლიტიკური პარტიების ფინანსურ-სამართლებრივ საკითხებზე პასუხისმგებელ ორგანოსთან, გადაამისამართა”, – ნათქვამია განცხადებაში.

17 ორგანიზაცია მიმართავს პროკურატურასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, შეასრულონ კანონით განსაზღვრული ფუნქცია, დაიწყონ გამოძიება გამოქვეყნებული ფაქტების ავთენტურობის დასადგენად და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული სავარაუდო დანაშაულის გამოსავლენად. გარდა ამისა, ისინი მიმართავენ პარლამენტს, შეასრულოს მისი საზედამხედველო ფუნქცია და საკითხის შესასწავლად გამოიყენოს მის ხელთ არსებული საპარლამენტო მექანიზმები. ისინი მოუწოდებენ აუდიტსაც, გამოძიების შედეგები არჩევნებამდე გაასაჯაროვოს, რათა ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში, ერთი მხრივ, დროულად მოხდეს შესაბამისი სანქციების დაკისრება და, მეორე მხრივ, ამომრჩეველს მიეცეს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება.

განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  • მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
  • რონდელის ფონდი (GFSIS)
  • ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
  • სამოქალაქო იდეა
  • საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRDIC)
  • საფარი
  • ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)