ცესკო: 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებული 58 საარჩევნო სუბიექტიდან პარტიული სია 52-მა წარმოადგინა, მათგან 2 საარჩევნო ბლოკი, 50 – პოლიტიკური პარტიაა

631

ბოლო მონაცემებით, 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებული 58 საარჩევნო სუბიექტიდან პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს წარუდგინა 52-მა საარჩევნო სუბიექტმა. მათგან 2 არის საარჩევნო ბლოკი, ხოლო 50 – პოლიტიკური პარტია, – ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საარჩევნო სუბიექტებს, რომლებმაც დღეს 18:00 საათამდე არ წარმოადგინეს პარტიული სია, კანონმდებლობის შესაბამისად, გაუუქმდებათ საარჩევნო რეგისტრაცია – ესენი არიან: „ქართველ ნაციონალისტთა ერთობა“, „ტრიბუნა“, „საქართველოს ევროატლანტიკური გზა“, „იბერიელთა ერთობა“, „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ და „საქართველოს პენსიონერთა უფლებების დაცვის კავშირი“.

„პარტიული სიების შემოტანის შემდეგ იწყება პარტიული სიების შემოწმების პროცესი, ცესკოს შესაბამისი სამსახური შეამოწმებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და ცესკოს თავმჯდომარეს წარუდგენს დასკვნას არაუგვიანეს 5 ოქტომბრისა. თუ პარტიული სია შეესაბამება კანონმდებლობას, ცესკოს თავმჯდომარე არაუგვიანეს 6 ოქტომბრისა გაატარებს სიას რეგისტრაციაში, ხოლო ხარვეზის დადგენის შემთხვევაში საარჩევნო სუბიექტს მიეცემა კანონით დადგენილი სამდღიანი ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად“, – განაცხადა მიქელაძემ.

ცნობისთვის, დღეს 18:00 საათზე დასრულდა ცესკოს თავმჯდომარისთვის რეგისტრირებული პარტიების და საარჩევნო ბლოკების მიერ პარტიული სიების წარდგენის ვადა.