შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან, ჯილიენ სტირკთან შეხვედრა გამართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მისიის ოფისი საქართველოს ხელისუფლების მოწვევით თბილისში გაიხსნა და მისი მიზანია 2020 წლის 31 ოქტომბერის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვება.
ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამოცანაა ქვეყნის მასშტაბით მართლწესრიგის დაცვა და არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ, უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა და ამ მიზნით სამინისტრო აქტიურად არის ჩართული საპარლამენტო არჩევნების მოსამზადებელ პროცესებში.
„მინისტრმა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ინფორმაცია მიაწოდა სამინისტროს მიერ ამ კუთხით უკვე განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე, კერძოდ: განახლებული რედაქციით დამტკიცდა საარჩევნო პერიოდში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, რომელიც სამინისტროს სისტემის ყველა მოსამსახურისთვის სავალდებულოა შესასრულებლად; არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების ხელშეწყობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის შემუშავდა ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული რეკომენდაციები; შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, საქართველოს რეგიონებში, პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიებზე შეიქმნება სამართალდარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის პასუხისმგებელი ჯგუფები, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში უკვე მიმდინარეობს შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფების მოსამსახურეების ონლაინ ტრენინგი არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის საკითხებზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.