თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 20 ოქტომბრიდან ვაკის რაიონში საინფორმაციო ჯიხურები განთავსდება, სადაც აბაშიძის, ფალიაშვილის და ჭავჭავაძის ქუჩებზე მცხოვრებ მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, მივიდნენ და ზონალურ-საათობრივ პარკირების შესახებ სრული ინფორმაცია მიიღონ. მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მოსახლეობას მოუწოდა, ავტომობილები დაარეგისტრირონ იმისთვის, რომ მათთვის პარკირება უფასო იყოს.
კახა კალაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის პარკირება იქნება უფასო, ასევე შშმ პირებისთვის, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის და ელექტრომობილებისთვის. დანარჩენ შემთხვევაში, გადასახადი საათში 1 ლარით განისაზღვრება.
„მინდა შევეხო ზონალურ-საათობრივ პარკირებას. იცით, რომ პეკინი და მიმდებარე ქუჩები უკვე ჩართულია ამ სიახლეში, რომელიც მართლაც წარმატებით მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ადგილობრივ მოსახლეობას, რომ მოახდინონ თავიანთი ავტომობილების რეგისტრაცია იმისთვის, რომ მათთვის პარკირება უფასო იყოს. იცით, რომ ჩვენ მიმდებარე ტერიტორიებზე ჯიხურები გვაქვს განთავსებული და ისინი 10 ოქტომბრამდე იქნება ამ კონკრეტულ ლოკაციებზე. შემდეგი ეტაპი, როგორც მთავრობის წინა სხდომაზე ვთქვი, იქნება ვაკის რაიონი. კონკრეტულად აბაშიძე, ფალიაშვილის და ჭავჭავაძის ყველა მკვეთი ქუჩა. 20 ოქტომბრიდან ვაკის რაიონში განთავსდება საინფორმაციო ჯიხურები, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, მივიდნენ და სრული ინფორმაცია მიიღონ.
გარდა ამისა, მოახერხონ თავიანთი ავტომობილების რეგისტრაცია იმისთვის, რომ ავტომობილების პარკირება უფასო იყოს. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ადგილობრივი მოსახლეობისთვის პარკირება იქნება უფასო, ასევე შშმ პირებისთვის, ასევე A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის და ელექტრომობილებისთვის. დანარჩენ შემთხვევაში, გადასახადი იქნება საათში 1 ლარი. რაც შეეხება სხვა კონკრეტულ რაიონებსა და ქუჩებს, ეტაპობრივად ყველგან განხორციელდება ანალოგიური მიდგომა და დამოკიდებულება. ეს ჩვენს სატრანსპორტო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი კომპონენტია“, – განაცხადა კალაძემ.