„შენების მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი თენგიზ შერგელაშვილი დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე არჩევნებში მასთან დაახლოებული ძალოვანი სტრუქტურებისა და ადმინისტრაციული რესურსების გამოსაყენებლად ემზადება.
როგორც გაზეთ „კვირის პალიტრას“ თენგიზ შერგელაშვილმა განუცხადა, საპარლამენტო არჩევნები, ფაქტობრივად, გლადიტორთა ბრძოლას დაემსგავსა, სადაც საზოგადოებას მგლის ხროვის თავდასხმით აშინებდნენ. მისივე თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ მიხეილ სააკაშვილისგან საფრთხობელას ვეღარ შექმნის.
„ეს ტრიუკი წარმატებით ბოლოს 2016 წელს გამოიყენეს, 2017-სა და მომავალ წლებში საზოგადოებაზე ეს მეთოდი აღარ გაჭრის, რადგან ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, „მგელი“ ორად და კიდევ უფრო ბევრ ნაწილად გაიყო – „ნაციონალური მოძრაობისგან“, ფაქტობრივად, აღარაფერია დარჩენილი“, – განაცხადა თენგიზ შერგელაშვილმა.
ამასთან, მან საკუთარ შესაძლებლობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონკრეტული ხედვები და მოტივაცია აძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ქვეყანაში ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი შექმნან.
„სხვათა შორის, არასწორად მიმაჩნია თბილისის მერიაში არსებულ მასშტაბურ პრობლემებში მხოლოდ დავით ნარმანიას დადანაშაულება. ბოლო სამი წლის განმავლობაში მის საქმიანობაში ჩართული იყო პარტია და მათ შორის, კახა კალაძე საკუთარი კადრებით, რომელსაც თბილისის მერიაში დღემდე მრავალი ჰყავს დასაქმებული. დღეს კი გამოდის და გვარწმუნებს, ვითარებას შევცვლიო, ასე არ გამოვა – პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გაინაწილოს, პირველ რიგში, კი კახა კალაძემ. დარწმუნებული ვარ, რომ კახა კალაძე არჩევნებში მასთან დაახლოებული ძალოვანი სტრუქტურებისა და ადმინისტრაციული რესურსების გამოსაყენებლად ემზადება“, – განაცხადა თენგიზ შერგელაშვილმა.
კითხვაზე – აქვს თუ არა ამის დამადასტურებელი ინფორმაცია, თენგიზ შერგელაშვილის განცხადებით, კახა კალაძე ამტკიცებს, რომ პირველ ტურში გაიმარჯვებს, ყველა კვლევის მიხედვით, კი მეორე ტური უნდა დაინიშნოს.
„როგორც უნდა მოახერხოს კალაძემ პირველი ტურში გამარჯვება, თუ სწორედ ძალოვან სტრუქტურებსა და ადმინისტრაციულ რესურს არ გამოიყენებს?! მხოლოდ ეს ორი ფაქტორია მისი იმედი, თუმცა, დარწმუნებული ვარ, თბილისელები დიდი ხანია აცნობიერებენ, რომ თბილისს ყველაზე დიდ პრობლემას სწორედ ძალოვანი სტრუქტურები, უფრო კონკრეტულად კი, სუს-ი უქმნიდა. შესაბამისად, თუ კალაძე თავისი ჩანაფიქრის განხორიელებას შეეცდება, თბილისელები ამას არ შეეგუებიან“, – განაცხადა შერგელაშვილმა.
წყარო: ინტერპრესნიუსი