EMC შსს-ს და პროკურატურას ნახიდურში მომხდარი დაპირისპირების ეფექტური გამოძიებისაკენ მოუწოდებს

582

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ EMC შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას მოუწოდებს, რომ 27 სექტემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში, მომხდარი დაპირისპირება დროულ და ეფექტურ გამოიძიოს.

„ჩვენ მიერ გამოკითხული ადგილობრივი თემის წევრები განმარტავენ, რომ 27 სექტემბერს ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატის გოგა მიშველიანის ძმასთან ერთად, 30-ზე მეტი ხელკეტებიანი პირი მივიდა ადგილობრივ ჩაიხანაში და გარკვეული შელაპარაკების შემდეგ, მათ ძალადობას მიმართეს, დააზიანეს ჩაიხანის ინფრასტრუქტურა და ცეცხლსასროლი იარაღიდან არაერთხელ გაისროლეს. რასაც ადგილზე დაპირისპირება მოჰყვა. მათი განმარტებით, ჩაიხანა, სადაც ძალადობრივი დაპირისპირება მოხდა, წარმოადგენს სივრცეს სოფლის მოსახლეობისთვის და ის არ არის კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერების შეკრების ადგილი. ჩაიხანაში თავს იყრიან როგორც ოპოზიციური პარტიის, ასევე ქართული ოცნების მხარდამჭერები და ის მოსახლეობაც, რომელიც არცერთი პარტიის მხარდამჭერად არ მოიაზრებს თავს. შესაბამისად, დაპირისპირების შედეგად ასევე დაშავდნენ სოფლის მაცხოვრებლები, რომლებიც პარტიულ საქმიანობაში არ არიან ჩართულნი და თავს არ მოიაზრებენ რომელიმე პარტიის მხარდამჭერებად“, – წერს EMC.

ნახიდურში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით მხარეები ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ. „ქართული ოცნებიდან“ ბოლნისის მაჟორიტარმა კანდიდატმა გოგა მიშველიანმა განაცხადა, რომ ნახიდურში მის აქტივისტებს ოპოზიციის აქტივისტები დაესხნენ თავს, ხოლო „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია“ აცხადებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენელს „ქართული ოცნების“ წევრები დაესხნენ თავს. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის განმარტებით, მხარეების განსხვავებული პოზიციების გათვალისწინებით მნიშვნელოვანია, რომ შსს-მ და პროკურატურამ 27 სექტემბერს და მანამდე სოფელ ნახიდურში გამოვლენილი ძალადობრივი შემთხვევების დამოუკიდებელი, ეფექტიანი და დროული გამოძიება უნდა მოახდინოს.

„მსგავს ინციდენტებზე რეაგირებას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს წინასაარჩევნო პროცესების მშვიდობიანი და დემოკრატიული წარმართვისთვის. ძალადობის ამგვარი შემთხვევებს დამაზიანებელი და გამყინავი გავლენა აქვს პოლიტიკური პროცესებში მოსახლეობის მონაწილეობაზე და მან შეიძლება პოლიტიკური და სამართლებრივი სისტემების მიმართ გაუცხოება და უნდობლობა გაზარდოს. სრულიად მიუღებელია მიკრო სოციალური დონეებზე პოლიტიკური პოლარიზებისა და ანტაგონიზმის ამ ხარისხით გადატანა და სოციალური შფოთისა და დაპირისპირების შექმნა ადგილობრივ თემებში. ამგვარი პრაქტიკა აზიანებს ჩვენი საზოგადოების სოციალურ ქსოვილს და არსებითად არღვევს ნდობისა და პატივისცემის საზოგადოებრივ რესურსს“, – წერია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის განცხადებაში.

EMC მიმართავს პოლიტიკურ პარტიებსაც და მათ მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ წინასაარჩევნო საქმიანობაში ძალადობისა და მუქარის ყოველგვარი გამოვლინებისგან და მიიღონ ყველა ზომა, რომ მათმა აქტივისტებმა და მხარდამჭერებმა წინასაარჩევნო საქმიანობა კანონის განუხრელი დაცვით წარმართონ.