ვაკეში მდებარე ერთ-ერთ სკვერს აფხაზეთში მებრძოლი კოკა კლდიაშვილის სახელი მიენიჭა

585

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით და დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით, ვაკეში მდებარე ერთ-ერთ სკვერს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლის კოკა კლდიაშვილის სახელი მიენიჭა.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი, საკრებულოს დეპუტატები, კოკა კლდიაშვილის ოჯახის წევრები, მეგობრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლებს გამორჩეული ქართველები უწოდა და აღნიშნა, რომ კოკა კლდიაშვილი მათ შორის ღირსეულ ადგილს იკავებს.

„ეს ადამიანები ქვეყნის სიყვარულს და მის ერთიანობას შეეწირნენ და სამშობლოს სამსხვერპლოზე ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე მიიტანეს. ჩვენთვის, გმირების სახელების უკვდავყოფის საქმეში საკუთარი წვლილის შეტანა დიდი პატივია“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის თინათინ ნიბლოშვილის თქმით კი, მომავალი თაობა უნდა იცნობდეს იმ გმირებს, რომლებმაც საქართველოს ერთიანობას შესწირეს თავი და უნდა იცოდეს, თუ რა მსხვერპლი გაიღო ქვეყანამ თავისუფლებისთვის ბრძოლის გზაზე.

„მრავალი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა ტერიტორიული მთლიანობისთვის მიმდინარე ბრძოლამ. კოკა კლდიაშვილი აფხაზეთში მოხალისედ წავიდა და ახალგაზრდა ასაკში დაიღუპა. დღეს, სკვერში რომელიც კოკა კლდიაშვილის სახელობისაა, თამაშობენ თავისუფალ, თუმცა, ნაწილობრივ ოკუპირებულ ქვეყანაში დაბადებული ბავშვები, რომლებმაც უნდა იცოდნენ თუ ვინ იყო კოკა და რა მსხვერპლი გაიღო ჩვენმა ქვეყანამ ოკუპანტთან ბრძოლაში“,- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

კოკა კლდიაშვილი 26 წლის ასაკში დაბა განთიადთან მომხდარ შეტაკებაში დაიღუპა.