თალაკვაძე: არანაირი შეზღუდვა საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით არ არსებობს

539

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ყველაფერი კეთდება, რომ ქვეყანაში პანდემიის პირობებში, ამომრჩევლისა და პარტიების წარმომადგენლების უსაფრთხოება იყოს დაცული.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ ვითარებაში და თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს.

“კოვიდ პანდემიის პირობებში ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უსაფრთხოება როგორც ამომრჩევლების, ასევე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების იყოს დაცული და არანაირი შეზღუდვა საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით არ არსებობს. ჩვენ ვეცდებით, რომ არჩევნების დღემდე ქვეყანა მივიდეს მშვიდად და უსაფრთხოდ. არჩევნები ჩატარდება მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში და მე მჯერა, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს სამართლიან ბრძოლაში”, – განაცხადა თალაკვაძემ.

ის ასევე, გამოეხმაურა წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ ოპოზიციაში გაკეთებულ განცხადებებს და აღნიშნა, რომ ოპოზიციამ, რომელიც ამას ამტკიცებს, კონკრეტული ფაქტები უნდა წარმოადგინონ.

” თუ ისინი საუბრობენ, რომ პედაგოგები, ექიმები, სხვა პროფესიის ადამიანები სრულად უნდა იყვნენ იზოლირებული საარჩევნო პროცესისგან და მხოლოდ პოლიტიკურმა პარტიებმა იკამათონ ერთმანეთში და შემდეგ კონკრეტულ არჩევანს დაუჭირონ მხარი, არ ვიცი, თქვენ შეაფასეთ, ეს თუ დემოკრატიული არჩევანია. დემოკრატიული არჩევნებია ის, როცა საზოგადოების ყველა წევრს, ექიმს, პედაგოგს თუ ფერმერს, აქვს საშუალება მოუსმინოს პოლიტიკურ პარტიებს, შეხვდეს მათ და ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს”, – განაცხადა თალაკვაძემ.