ოთარ კახიძე: ფეხბურთის ფედერაციას მოვუწოდებ, პარლამენტის გვერდით მოედნები არ ააშენოს

605

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ქუთაისში, ოთარ კახიძემ, ქუთაისის მერობის კანდიდატ ამირან ძოწენიძესთან ერთად, ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ ბრიფინგი გამართა და ფეხბურთის ფედერაციას მოუწოდა, არ ააშენონ საფეხბურთო მოედნები პარლამენტის შენობის გვერდით.

ოთარ კახიძის თქმით, პარლამენტი უნდა დაბრუნდეს ქუთაისში და ეს ქალაქი კვლავ უნდა გახდეს ქვეყნის პოლიტიკური ცენტრი.

როგორც კახიძე აღნიშნავს, ხელისუფლება ამგვარი ნაბიჯებით ხელს უშლის ამ პერსპექტივას.

ოთარ კახიძე ხელისუფლებასა და ფეხბურთის ფედერაციას მოუწოდებს, სხვა ადგილას ააშენონ საფეხბურთო მოედნები და ნუ დააკნინებენ ქუთაისის, როგორც „ადმინისტრაციული ცენტრის“ მნიშვნელობას.

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აპირებს პარლამენტის მიმდებარედ საფეხბურთო მოედნების მშენებლობას, „ევროპულ საქართველოს“ მიგვაჩნია, რომ პარლამენტი უნდა დაბრუნდეს ქუთაისში და ხელისუფლებამ არ უნდა შეუშალოს ხელი, მსგვასი პროქტებით, ამ პერსპექტივას.

საფეხბურთო მოედენების მშენებლობა, თავისთავად, კარგი ინიციატივაა და ქუთაისში შეიძლება არაერთი სხვა ადგილის გამონახვა ამ საქმისათვის. მაგრამ, ებრძოლო იდეას და ამ იდეასთან ბრძოლისათვის გამოიყენო ასეთი მეთოდები, გაფლანგო საბიუჯეტო სახსრები, ჩვენთვის მიუღებელი ქმედებაა.

მოვუწოდებ ფეხბურთის ფედერაციას, მიხედოს თავის საქმეს და ქუთაისში ფეხბურთის გასავითარებლად აირჩიოს სხვა ადგილი და ნუ დააკნინებენ პარლამენტის და ქუთაისის, როგორც ადმინისტრაციული ცენტრის მნიშვნელობას.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ქუთაისში დაბრუნდეს პარლამენტი და ქალაქს დაუბრუნდეს ისტორიული ფუნქცია, ქვეყნის პოლიტიკური ცენტრის“, -განაცხადა ოთარ კახიძემ.