თენგიზ შერგელაშვილი: სამი წლის განმავლობაში მერიას თბილისელების ჯიბიდან 21 000 000 ლარზე მეტი აქვს ამოღებული

660

„შენების მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატის, თენგიზ შერგელაშვილის განცხადებით, პარკირების სააბონენტო საფასურისა და ჯარიმების შედეგად თბილისის ბიუჯეტში 2014 წლიდან დღემდე 21 000 000 ლარზე მეტი შევიდა.

„შენების მოძრაობის“ ინფორმაციით, თბილისის მერობის კანდიდატმა თენგიზ შერგელაშვილმა ამის შესახებ პარკირების პრობლემასთან დაკავშირებით სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. შერგელაშვილმა მერია დედაქალაქში საპარკინგე ადგილების შესაქმნელად უმოქმედობაში დაადანაშაულა.

მისივე თქმით, ქალაქში ავტომობილების ზრდასთან ერთად კიდევ უფრო პრობლემატური ხდება პარკირების პრობლემა, რომელთან გამკლავება ვერც „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო.

„თბილისის მერობის კანდიდატები და განსაკუთრებით „ქართული ოცნების“, ცდილობს საზოგადოება კვლავ შეცდომაში შეიყვანოს. მისი ბოლო განცხადებები იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ საქმე გაქვს არა თუ არაკომეტენტურობასთან, არამედ უფრო უარესთან! საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ თბილისელების ჯიბიდან ამოღებული პარკირების სააბონენტო საფასურის და ჯარიმების 60% თბილისის ბიუჯეტში ირიცხება. კონკრეტულად, 2014 წლიდან დღემდე თბილისის ბიუჯეტში ამ გზით შესულია 21 000 000 ლარზე მეტი. ამასთან, ერთად აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფა და დგომის წესებით რეგულირება უშუალოდ თბილისის მერიის ვალდებულებაა, ხოლო თავად 10 ლარიანი ჯარიმის ოდენობა დადგენილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, რომელსაც საქართველოს პარლამენტი ადგენს.
კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, რომ თბილისის მერიაში ავტომობილების მფლობელების მხრიდან ჯამურად უფრო მეტი თანხა (60%) ირიცხება, ვიდრე „სითი-პარკში“. ამ თანხებს, წესით, მერია უპირველესად პარკირების განვითარებაზე უნდა ხარჯავდეს“, – განაცხადა თენგიზ შერგელაშვილმა.

მისივე თქმით, ამ ყველაფრის ფონზე წლების განმავლობაში ხელისუფლება ხელს მხოლოდ „სითი პარკისკენ“ იშვერს და ცდილობს, საკუთარ პასუხისმგებლობას თავი აარიდოს.

„სამი წლის განმავლობაში მერიას თბილისელების ჯიბიდან ამოღებული აქვს 21 000 000 ლარზე მეტი. რეალობა კი იმდენად მძიმეა, რომ დღევანდელი მონაცემებით ქალაქში დაახლოებით 500 000 ავტომანქანა მოძრაობს, ხოლო პარკირების ადგილების რაოდენობით ყოველ 10-12 ავტომობილზე მხოლოდ 1 საპარკინგე ადგილი მოდის. ხელისუფლება ვალდებულია თბილისელებს აუხსნას, რატომ არ მოხმარდა ეს თანხა სწორედ პარკირების პრობლემის მოგვარებას“, – აღნიშნა შერგელაშვილმა.
„შენების მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი მიმართავს „ქართულ ოცნებას“ და მერობის მის კანდიდატ კახა კალაძეს, საზოგადოებას მიაწოდოს ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია, განმარტონ თუ რას მოხმარდა აღნიშნული თანხები და რა გაკეთდა იმისათვის, რომ თბილისში პარკირების ადგილები გაზრდილიყო.

„ნათელია, რომ სახელისუფლებო კანდიდატი ცდილობს, პრობლემა ოპერატორ კომპანიას გადააბრალოს, რათა საზოგადოებამ პასუხი მერიას არ მოთხოვოს, არც ახლა და არც მომავალში, – აღნიშნა თენგიზ შერგელაშვილმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი