პარტია „რეფორმერი” ტრადიციულ საარჩევნო სისტემასთან ერთად ელექტრონული არჩევნების მოდელის დანერგვას ითხოვს

673

პოლიტიკური პარტია “რეფორმერი” ტრადიციულ საარჩევნო სისტემასთან ერთად ელექტრონული არჩევნების მოდელის დანერგვას ითხოვს, რომელიც არჩევნების გაყალბების საშუალებას არ იძლება.

პარტიის თავმჯდომარის თორნიკე ჯანაშვილის განცხადებით, არჩევნების ელექტრონული სისტემა ტექნიკურად უფრო მოსახერხებელია ამომრჩევლისთვის.

„ყველა არჩევნების დროს ჩვენი მოქალაქეები დგებიან ერთი და იგივე პრობლემის წინაშე. მათ უწევთ საარჩევნო უბნებზე მისვლა და ხმის მიცემა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილებიდან მოშორებით. ეს არის პრობლემა სტუდენტებისთვისაც, რომლებიც უნდა ჩავიდნენ რეგიონებში, რაც მათთვის დაკავშირებულია ზედმეტ ხარჯებთან.

იგივე სირთულეები არსებობს უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვისაც. რომელთაც საკმაოდ დიდი მანძილის გავლა უწევთ საარჩევნო უბნებზე მისასვლელად და ხმის მისაცემად“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

თორნიკე ჯანაშვილის თქმით, ელექტრონული არჩევნების აღნიშნულ მოდელს ევროპულ ქვეყნებში დიდი პრაქტიკა აქვს.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არჩევნების ესტონური მოდელი, რომელიც წლების წინ დაინერგა და ეფექტურად მუშაობს. ელექტრონული არჩევნების სისტემა, იმის გარდა, რომ იცავს ამომრჩევლის ხმას გაყალბებისგან, არჩევნებს ხელმისაწვდომს გახდის უფრო მეტი ამომრჩევლისთვის და უფრო მეტი ახალგაზრდის ჩართულობას მოიტანს ამ პროცესში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ამ ინიციატივის განსახორციელებლად საჭირო იქნება საკანონმდებლო ცვლილებები და რა თქმა უნდა, ხელისუფლების ნება. როგორც ვიცით, ამ სისტემის დანერგვაზე საუბარი დიდი ხნის წინ დაიწყო. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დააჩქაროს ეს პროცესი,” – აცხადებს თორნიკე ჯანაშვილი.