თბილისის ერთ-ერთ სკვერს აფხაზეთის ომში დაღუპული ძმები წიკლაურების სახელი მიენიჭა

508

თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე არსებულ სკვერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ძმების ვასიკო და ნუკრი წიკლაურების სახელი მიენიჭა.

თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, სკვერში შესაბამისი აბრა დამონტაჟდა. ღონისძიებას დაღუპული ძმების დედა ესწრებოდა.

ძმები წიკლაურები 1993 წლის 22 სექტემბერს ბაბუშერას აეროპორტში მომხდარ ტრაგედიას ემსხვერპლნენ. საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს სახელმწიფო სწორედ ძმები წიკლაურების და მათი მსგავსი გმირების თავდადებაზე დგას.

„დღეს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, ნაძალადევის რაიონში ძმები წიკლაურების სახელობის სკვერი გაიხსნა. ძმები წიკლაურები აფხაზეთის ომის გმირები არიან, რომლებიც ბაბუშერაში დაიღუპნენ. ბაბუშერაში დატრიალებული ტრაგედიიდან 27 წელი გავიდა. თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისია მოხარულია, რომ ჩვენი დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ასეთი გმირების სახელების უკვდავყოფის მონაწილეა.

დარწმუნებულები ვართ, რომ ეს არის ჩვენი მხრიდან ის სწორი ნაბიჯი, რომლითაც ჩვენ იმათ სულებს უკვდავყოფთ, ვინც თავი შესწირა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობას და თავისუფლებას.

როგორც ვეტერანების საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა ვლადიმერ იმნაძემ განაცხადა, მნიშვნელოვანია იმ გმირების სახელების გავაცნოთ საზოგადოებას, ვინც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას შესწირა თავი”, – ნათქვმია საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.