სოფიო შამანიდი: პრემიერმა აღიარა, რომ 8 წელი არ აღმოჩნდა საკმარისი, რათა „ქართულ ოცნებას” ინფრასტრუქტურული და სოციალური პრობლემები მოეგვარებინა

1099

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის სოფიო შამანიდის განცხადებით, პრემიერმა გიორგი გახარიამ აღიარა, რომ 8 წელი არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რათა „ქართულ ოცნებას” ქვეყანაში ინფრასტრუქტურული და სოციალური პრობლემები მოეგვარებინა.

„არ აღმოჩნდა 8 წელი საკმარისი, მთავრობას გზები დაეგო, გაზიფიცირების და წყალმომარაგების პრობლემები მოეგვარებინა (ბევრ რეგიონში წყალს ჯერ კიდევ ვყიდულობთ), ინტერნეტი ყველა სოფელში ვერ გაიყვანა (კიდევ ერთი საარჩევნო დაპირება), ხიდები ვერ ააშენა და ა.შ. მივმართავ გახარიას, ბატონო პრემიერო, შეგახსენებთ, რომ გარდა თქვენ მიერ ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემებისა, კიდევ ბევრი რამ ვერ „მოასწრო” „ქართული ოცნების” მთავრობამ რვა წლის განმავლობაში. მაგალითად, ვერ შეამცირა კრიმინალი, ვერ დაძლია სიღარიბე, ვერ შექმნა სამუშაო ადგილები, ვერ ჩაატარა რეფორმა განათლების სისტემაში, ვერ განავითარა ეკონომიკა, ვერ დაიჭირა ლარი, ვერ შეამცირა ემიგრანტების რიცხვი და კიდევ ბევრი ვერ, ვერ და ისევ ვერ. გახარიამ კიდევ ერთი სიმართლე თქვა: 4 წლის განმავლობაში 20 მილიარდს დავხარჯავთო, მაგრამ მაინც ვერაფერს გავაკეთებთო. ესეც მართალია, ბატონო პრემიერო, ფარ-ხმალი არ დაყაროთ, გამოსავალი ყოველთვის არის. მოდით არჩევნებზე და შემოხაზეთ 56, ბატონო პრემიერო და რაც ხალხს დაპირდით და ვერ გააკეთეთ, ჩვენ გავაკეთებთ,“ – აცხადებს შამანიდი.