„ევროპულმა საქართველომ“ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატად არმაზ ახვლედიანი წარადგინა.
როგორც ახვლედიანის წარდგენისას „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ აღნიშნა, არმაზ ახვლედიანი არის პიროვნება რომელიც ბათუმში იბრძოლებს გარდამტეხი ცვლილებებისთვის და იმისათვის, რომ თითოეული ბათუმელის ოჯახი ცხოვრობდეს უკეთესად.
,,ძალიან მოხარული ვარ წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც შემოუერთდა „ევროპული საქართველოს“ გუნდს, მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, ის არის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი პოლიტიკოსი ქართულ რეალობაში. უაღრესად განათლებული, ნაკითხი, თავისი ქალაქისა და ქვეყნის ნამდვილი მოყვარული და გულმხურვალე პატრიოტი. ადამიანი, რომელმაც იცის, რა სჭირდება ხალხს და რა უნდა გააკეთოს ხალხისთვის. ძალიან მოხარული ვარ, რომ საშუალება მაქვს ბათუმში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატად წარმოგიდგინოთ არმაზ ახვლედიანის კანდიდატურა. ეს ადამიანი არის ის პიროვნება, რომელიც ბათუმში იბრძოლებს გარდამტეხი ცვლილებებისთვის და იმისათვის, რომ ბათუმი წავიდეს წინ და თითოეული ბათუმელის ოჯახი ცხოვრობდეს უკეთესად“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
არმაზ ახვლედიანის განცხადებით, რადიკალური ცვლილებების ტალღა ბათუმიდან უნდა დაიწყოს და „ევროპული საქართველო“ არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ყველაზე მეტად გაიაზრა წარსულის შეცდომები.
,,რადიკალური ცვლილებების ტალღა უნდა დაიწყოს ბათუმიდან, ჩემთვის ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება ამ საპარლამენტო არჩევნებში ჩართულობის არის, ყოფნა „ევროპულ საქართველოსთან“. ვფიქრობ, ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ყველაზე მეტად გაიაზრა წარსულის შეცდომები, ყველაზე მეტად ახასიათებს გუნდურობა და იცის, რას ნიშნავს საქართველოში დემოკრატიული, სამართლიანი და ჰუმანური მმართველობა, რომლისკენაც ჩვენ, ყველა ვისწრაფით. ბათუმელები, რომლებსაც მობეზრდათ ამდენი გაუთავებელი ექსპერიმენტი, შიშში, დამახინჯებულ ქალაქში, გაჭირვებაში და კორუფციის ჭაობში ყოფნა, გააკეთებენ სწორ არჩევანს და ეს იქნება არჩევანი ევროპული, არა რუსული საქართველოს სასარგებლოდ“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.