31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკომ სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ დადგენილება გამოსცა

711

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 31 ოქტომბრის არჩევნების კენჭისყრის დღისთვის საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილება გამოსცა.

დადგენილების მიხედვით, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი პირბადის გარეშე კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება, ხოლო კენჭისყრის შენობაში ყოფნა დასაშვებია მხოლოდ პირბადის გამოყენებით. ამასთან, ამომრჩეველი ვალდებულია, დროებით მოიხსნას პირბადე, კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრისთვის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის დროს; ამასთან, ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში ან საქართველოს მოქალაქის პასპორტში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემების ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობის შემოწმების დროს; თუმცა, პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით.

დადგენილების მიხედვით, ამომრჩევლებს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდებათ. ყველა სხვა პირს კი, ვინც კენჭისყრის შენობაში შევა, სავალდებულო თერმოსკრინინგის გავლა მოუწევს. ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში 5 წუთიანი განმეორებითი თერმოსკრინინგისას ცხელების კვლავ დადასტურების შემთხვევაში, პირი კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება.