მაია ბითაძის განცხადებით, თბილისს ორი დიდი პარკი შეემატება – მათგან ერთი ვაკის პარკზე დიდი იქნება

415

თბილისის მერის მოადგილემ და “ქართული ოცნების საარჩევნო სიის მე-10 ნომერმა მაია ბითაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „დილის შოუ“ დედაქალაქის მერიის მიერ თბილისში პარკების მშენებლობის გეგმებთან დაკავშირებით ისაუბრა.

„უკვე 9 დიდი პარკი აღვადგინეთ და მიმდინარეობს დიდი პარკების აღდგენა ვარკეთილსა და გლდანში. პატარა სკვერებს არ ვგულისხმობ. მასშტაბური ღონისძიებების მთელი პროგრამა, რომელიც წლებზე გვაქვს გაწერილი, ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს. არაერთხელ მითქვამს, რომ დაახლოებით 90-ჯერ გაიზარდა ბიუჯეტი, რომელსაც მუნიციპალიტეტი ბიომრავალფეროვნის აღსადგენად ხარჯავს. ეს ერთადერთი საშუალებაა იმისთვის, რომ ამ ქალაქში ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდეს.

გარდა პარკების რეაბილიტაციისა, ჩვენ გენერალური გეგმით გვაქვს განსაზღვრული ორი უზარმაზარი, ახალი საქალაქო პარკის მშენებლობა. კორონავირუსის გამო, ეს დროში ცოტა გაიწელა, მაგრამ წელს გამოვაცხადებთ ტენდერს ე.წ. თემქის ხევის საქალაქო პარკის მშენებლობაზე, რომელიც, სხვათა შორის, ვაკის პარკზე დიდი, 24 ჰექტარი იქნება. ძალიან ვამაყობთ იმით, რომ ამას საბაგიროს პროექტი ემთხვევა და ჩვენ ნამდვილად უნიკალური პარკი გვექნება ორი წლის შემდეგ. ასევე, დიღმის ჭალებში გვაქვს უნიკალური არკის მშენებლობა დაგეგმილი, ესაა 8-ჰექტრიანი პარკი, რომელიც მტკვართან ახლოს იქნება,“ – განაცხადა მაია ბითაძემ.