ბოკერია: გარდა იმისა, რომ უკანონობაა ოპონენტების თვალთვალი, მთელი რესურსი იხარჯება ამ მავნებლობაში და სისულელეში

508

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქში, გიგა ბოკერია, სახელმწიფო უწყებების მხრიდან უკანონო თვალთვალზე საუბრობს.

გიგა ბოკერიას თქმით, მასაც და მის გუნდის წევრებსაც ხშირად შეუმჩნევიათ სახელმწიფო უსაფრთხოების მანქანები მათი ოფისის წინ, ასევე მათი მობილიზება საარჩევნო კამპანიის დროს სხვადასხვა ქალაქში.

„არაერთხელ შეუმჩნევიათ ჩემი გუნდის წევრებს აქ, ყველამ იცის და საიდუმლო არ არის, რომ სუს-ის მანქანები დაჰყვებიან სხვა ოპოზიციურ ძალებსაც და ჩვენ, ჩვენი გუნდის წევრებს, უყურებენ ამ ყველაფერს. ეს ვერ შეცვლის ქართველი ხალხის ნებას, ის დაკვეთა, რომ უნდა მოხდეს გარდამტეხი ცვლილებები, ამით არ შეიცვლება. უფრო მეტიც, ეს არის დემონსტრირება იმისა, თუ რა უნდა შეიცვალოს ჩვენ ქვეყანაში, რადგან ხალხი, რომელიც ამას აკეთებს, გარდა იმისა, რომ უკანონობაა ოპონენტების ამ ნიშნით თვალთვალი, ეს ნიშნავს, რომ მთელი ეს რესურსი, ჩვენი გადასახადები, გამოიყენება არა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში, არა კორუფციასთან და გარე მტრისგან სახიფათო გავლენის წინააღმდეგ ბრძოლაში, არამედ ამ მავნებლობაში, სისულელესა და უკანონობაში. ეს უნდა შეიცვალოს აუცილებლად არჩევნების შემდეგ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.