„ევროპული საქართველოს“ ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულისა და ბაღდათის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგი წერეთელის განცხადებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ცოტა ხნის წინ ზესტაფონის ცენტრალური, აღმაშენებლის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, თუმცა მალევე მიატოვა. წერეთლის თქმით, იგივე სიტუაციაა კვალითის დასახლებაშიც.
„წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება გააქტიურებულია, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს, რაც თავისთავად ცუდი არ არის, თუმცა საარჩევნო პერიოდში ეს ბუნებრივია, იწვევს ბევრ კითხვას. მაგრამ გაცილებით უარესია, როცა რაღაც იწყება და შემდეგ ეს არ კეთდება, რაც დამახასიათებელია ხელისუფლებისთვის. მაგალითისთვის, აღმაშენებლის ქუჩა არის გადათხრილი, დაიწყო სამუშაოები ცოტა ხნის წინ და დაახლოებით, 10 დღეა არაფერი აღარ ხდება, არც აქ და იგივეა კვალითის დასახლებაშიც“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
მისი თქმით, შეჩერებული სამუშაოები დისკომფორტს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას, შეზღუდულია მანქანებით მოძრაობა, ადამიანები სახლთან მისვლას ვერ ახერხებენ და აწუხებთ მტვერი. წერეთლის განცხადებით, გადაკეტილმა ცენტრალურმა ქუჩამ პანდემიის გამო ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი კომერციული ობიექტები, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო.
„თუ იწყება პროექტი ის უნდა გაგრძელდეს და დრო უნდა იყოს განსაზღვრული, როდის დასრულდება და რისთვის კეთდება. ამგვარი დაწყება და მიტოვება, რა თქმა უნდა, მანიშნებელია მხოლოდ იმისა, რომ ამას უნდა ჰქონდეს საარჩევნო ეფექტი, ყოველ შემთხვევაში, ამის სურვილი აქვს ადგილობრივ ხელისუფლებას. მე მგონია, რომ თუ დროულად არ დაიწყება სამუშაოები და არ დასრულდება, ეს ზესტაფონის მოსახლეობისთვის რთულად მისაღები იქნება, რადგან მათ ბევრ სირთულეს უქმნის“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგი წერეთელმა.
გიგი წერეთლის განცხადებას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ზესტაფონის ცენტრალური ქუჩისა და კვალითის დასახლების ქუჩის რეაბილიტაციის ჯამური ღირებულება 8 მილიონ ლარამდეა. გიგი წერეთლის თქმით, როცა საქმე ამდენ მილიონიან პროექტს ეხება, კორუფციის რისკები ყოველთვის მაღალია. მისივე განცხადებით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში უგზოობა მწვავე პრობლემაა და ადგილობრივი ხელისუფლება ბიუჯეტს არაეფექტურად ხარჯავს.