სერგი კაპანაძე: როგორც ჩანს, ძალადობის გამოყენება, დაშინება, მოსყიდვასთან ერთად არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც დარჩა ბიძინა ივანიშვილს

578

ძალადობის გამოყენება, დაშინება, მოსყიდვასთან ერთად არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც დარჩა ბიძინა ივანიშვილს,- ამის შესახებ, „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ წინასაარჩევნოდ, ხელისუფლების მხრიდან ოპონენტებზე დაშინებასა და მუქარაზე საუბრისას განაცხადა.

სერგი კაპანაძის თქმით, ხელისუფლებას დარჩა მხოლოდ დაშინებისა და მოსყიდვის ინსტრუმენტები არჩევნების მოსაგებად.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად ამისა, „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერები არ უშინდებიან ამგვარი ტიპის დაშინებებს და არიან მზად გარდამტეხი ცვლილებებისთვის.

„როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ აპირებს ჩაატაროს ისეთივე ტიპის არჩევნები, ისეთივე ქმედებებისა და ნაბიჯების გადადგმით, როგორც ეს ხდებოდა წინა არჩევნების დროს, ანუ დაშინების და მოსყიდვის ფონზე.

მიუხედავად იმისა, რომ კამპანია ჯერ რამდენიმე დღეა დაიწყო, ამის სიმპტომები უკვე არის. კერძოდ, ჩვენ ვნახეთ სხვადასხვა პოლიტიკური ძალის აქტივისტების დაშინების მცდელობები, მათ შორის „ევროპული საქართველოს“ აქტივისტების შეშინების მცდელობები ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში, ჩვენ ასევე ვნახეთ, თუ როგორ გაუსწორდნენ ერთ-ერთი მაჟორიტარობის კანდიდატის აქტივს. როგორც ჩანს, ძალადობის გამოყენება, დაშინება, მოსყიდვასთან ერთად, არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც დარჩა ბიძინა ივანიშვილს.

კვლევები, რომლებიც ქვეყნდება ბოლო დღეების განმავლობაში, მეტყველებს, რომ მათი რეიტინგი მოდის ქვემოთ და იმის ფონზე, რომ ვერ გაართვეს თავი ვერც კორონასთან დაკავშირებულ გამოწვევებს და შეწირეს ეკონომიკა, მაშინ როდესაც ამის საჭიროება არ იყო და ახლა ხედავენ, რომ ხალხი გაბრაზებულია, ისინი ამგვარი ნაბიჯებით აპირებენ ფონს გასვლას.

ყველა ეს დარღვევა იქნება აღრიცხული და მიწოდებული საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის. ყველა ამ დარღვევის მიუხედავად, ჩვენი აქტივისტები და მხარდამჭერები ძალიან მხნედ არიან და არ აპირებენ გაჩერებას და დამორჩილებას. იმედი მაქვს, რომ იგივე განწყობაა სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც, ასეთი ტიპის აგონია და გამოხტომები კი ვერ უშველის ივანიშვილს ამ არჩევნებზე,“ – განაცხადა სერგი კაპანაძემ.